აზერბაიჯანი/ სომხეთი: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო შვეულმფრენი “მი- 24” ჩამოაგდეს

Logo

* მოცემული საქმე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პლატფორმისთვის მომზადებულია გიორგი დვალაძის მიერ.


PDF ფაილი


A. აზერბაიჯანმა გაეროში სომხეთი  გააკრიტიკა  ყარაბაღის  გამო

[წყარო: ‘აზერბაიჯანმა გაეროში სომხეთი გააკრიტიკა ყარაბაღის გამო’, ინტერპრესნიუსი, 27 სექტემბერი  2014, ხელმისაწვდომია   ვებ-გვერდზე:   http://www.radiotavisupleba.ge/content/news/26609285.html]

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამადიაროვმა კრიტიკით უპასუხა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს, კამათის საგნად ქცეული მთიანი ყარაბაღის საკითხის გამო. მამადიაროვის განცხადებით, სარქისიანი „არასწორად იყენებს თვითგამორკვევის ღირსეულ ცნებას, რათა დამალოს მისი ქვეყნის მცდელობა ანექსირება გაუკეთოს“ ყარაბაღს. სარქისიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 24 სექტემბერს წარმოთქმულ სიტყვაში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და განაცხადა, რომ კონფლიქტის გადაჭრას ბაქო უშლის ხელს. დე-ფაქტო დამოუკიდებელ რეგიონში ბოლო პერიოდში გაიზარდა დაძაბულობა, ხდება შეტაკებები აზერბაიჯანელ სამხედროებს და ყარაბაღის ძალებს შორის. მამადიაროვმა თავისი ათწუთიანი გამოსვლის თითქმის ნახევარი დაუთმო ყარაბაღის საკითხს. სეპარატისტული რესპუბლიკა თითქმის მთლიანად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული, თუმცა მდებარეობს აზერბაიჯანის საერთაშორისოდ  აღიარებულ  საზღვრებში.

B. აზერბაიჯანის არმიამ  „ სომხური“  სამხედრო  შვეულმფრენი  ჩამოაგდო

[წყარო: ‘აზერბაიჯანის არმიამ „სომხური“ სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდო’, რადიო თავისუფლება, 12 ნოემბერი 2014, ხელმისაწვდომია    ვებ-გვერდზე:    http://www.radiotavisupleba.ge/archive/geo-news/20141112/1001/1001.html?id=26687931]

აზერბაიჯანის არმიის ცნობით, მან სეპარატისტულ რესპუბლიკა მთიან ყარაბაღთან ჩამოაგდო მი- 24-ის ტიპის სამხედრო შვეულმფრენი. 12 ნოემბრის ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მის სამხედროებს შვეულმფრენიდან ესროლეს, რასაც მოჰყვა საპასუხო ცეხლი. შვეულმფრენი, რომელიც სომხურ სამხედრო ძალებს ეკუთნოდა, ჩამოაგდეს. ამ ცნობაში არაფერია ნათქვამი მსხვერპლზე. რუსეთის სააგენტოებს მოჰყავთ თვითგამოცხადებული, ეთნიკური სომხებით დასახლებული, დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი რეგიონის, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობა, რომ მისი შვეულმფრენი ჩამოგდეს და მის ბორტზე მყოფი მყოფი სამი პირი დაიღუპა. ამავე ცნობით, შვეულმფრენს არ შეუქმნია საფრთხე აზერბაიჯანის   სამხედროთათვის.

C. აზერბაიჯანის მიერ  ჩამოგდებული  ” მი– 24″  ყარაბაღს  ეკუთვნოდა

[წყარო: ‘აზერბაიჯანის მიერ  ჩამოგდებული  “მი-24”  ყარაბაღს  ეკუთვნოდა’,  ინტერპრესნიუსი, 13  ნოემბერი  2014, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/304800-azerbaijanis-mier-chamogdebuli-qmi-24q- yarabaghs-ekuthvnoda.html]

[1] აზერბაიჯანის მიერ ჩამოგდებული “მი-24” ყარაბაღს ეკუთვნოდა დღეს, აზერბაიჯანის მიერ ჩამოგდებული სამხედრო ვერტმფრენი “მი-24” მთიანი ყარაბაღის არმიას ეკუთვნოდა. “პანარმენიან.ნეტ”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

[2] მათი ინფორმაციით, ადგილი, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა, აზერბაიჯან-ყარაბაღის შეხების ხაზზე გადის.

[…]

[3] [სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის] ოვანისიანის თქმით, აზერბაიჯანული მხარის განცხადება, რომ ვერტმფრენმა მათ პოზიციებზე შეტევა განახორციელა, არასერიოზულია და ვერტმფრენის ნამსხვრევების შესწავლა დაადასტურებს, რომ მასზე შეიარაღება არ იყო. პრესმდივნის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ვერტმფრენის ჩამოგდების შემდეგაც გააგრძელეს სროლა, რის გამოც მასთან მიახლოება შეუძლებელი იყო. […]

D. აზერბაიჯანმა ოკუპირებული ტერიტორიის თავზე საჰაერო სივრცე დახურა

[წყარო: ‘აზერბაიჯანმა ოკუპირებული ტერიტორიის თავზე საჰაერო სივრცე დახურა’, ინტერპრესნიუსი, 13 ნოემბერი 2014, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/304815-azerbaijanma-okupirebuli-teritoriis-thavze- sahaero-sivrce-dakhura.html]

[1] აზერბაიჯანმა ოკუპირებული  ტერიტორიის თავზე საჰაერო  სივრცე დახურა აზერბაიჯანმა ოკუპირებული ტერიტორიის თავზე საჰაერო სივრცე დახურა. როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საჰაერო სივრცეში სომხეთის სამხედრო საჰაერო თვითმფრინავების შესვლა მიჩნეული იქნება აზერბაიჯანის წინააღმდეგ ოკუპაციისა და აგრესიის გაგრძელებად.

[2] “ვითარების გამწვავების მთავარი მიზეზი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ყოფნაა, ამიტომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს აკისრია”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

[…]

[3] წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოგდებას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

* შენიშვნა: სომხეთიც და აზერბაიჯანიც არიან 1949 წლის ჟენევის კონვენციების, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები. ამასთან, სომხეთი არის 1949 წლის ჟენევის კონვენციების 1977 წლის I და II ოქმების ხელშემკვრელი სახელმწიფო.


დისკუსია


1. (დოკუმენტი A; დოკუმენტი B; დოკუმენტი D, 1-ლი და მე-2 პარაგრაფები) როგორ დააკვალიფიცირებდით სიტუაციას მთიან ყარაბაღში? არის თუ არა სახეზე შეიარაღებული კონფლიქტი? თუ კი, ვინ არიან კონფლიქტის მხარეები? (GCs, მე-2 საერთო მუხლი; GCs, მე-3 საერთო მუხლი)

a. როგორ დააკვალიფიცირებდით სიტუაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის? (GCs, მე-2 საერთო მუხლი)

b. უნდა ჩაითვალოს თუ არა მთიანი ყარაბაღი ოკუპირებულ ტერიტორიად? რა შემთხვევაში ითვლება ტერიტორია ოკუპირებულად? (GCs, მე-2 საერთო მუხლი; 1907 წლის ჰააგის რეგულაციების 42-ე მუხლი)

c. როგორ დააკვალიფიცირებდით სიტუაციას აზერბაიჯანსა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რესპუბლიკას  შორის?  საერთაშორისო  ჰუმანიტარული  სამართლის მიხედვით რა შემთხვევაში არსებობს არასაერთაშორისო ხასიათის კონფლიქტი? (GCs, მე-3 საერთო მუხლი; AP II 1-ლი მუხლი)

d. შეიცვლებოდა თუ არა სიტუაციის კვალიფიკაცია აზერბაიჯანსა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის,    თუკი    ეს    უკანასკნელი    დამოუკიდებელი სახელმწიფოა? შეიძლება თუ არა ერთის მხრივ სახელმწიფოსა და მეორეს მხრივ არასახელმწიფო წარმონაქმნს  შორის  არსებული  შეიარაღებული  კონფლიქტი საერთაშორისო ხასიათის იყოს? სახეზეა თუ არა ასეთი შემთხვევა? რა სახის დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებოდათ მოცემულ საქმეში ასეთი დასკვნის გასაკეთებლად? (GCs, მე-2 საერთო მუხლი; AP I, 1-ლი მუხლის მე-4 პარაგრაფი; GCs, მე-3 საერთო მუხლი; AP II, 1-ლი მუხლი)

e. შესაძლებელია თუ არა, რომ მთიან ყარაბაღში სახეზე იყოს ერთდროულად საერთაშორისო და არასაერთაშორისო ხასიათის კონფლიქტები? თუ კი, ვინ ჩაითვლება ამ კონფლიქტების მხარეებად? შესაძლებელია თუ არა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობდეს არასაერთაშორისო ხასიათის კონფლიქტი? მიზანშეწონლია, თუ არა ორმაგი სიტუაციის ორმაგი კვალიფიკაციის გამოყენება და რა პრაქტიკული თუ სამართლებრივი შედეგები შეიძლება იქონიოს ამან კონფლიქტის მხარეებსა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობაზე (GCs, მე-2 საერთო მუხლი; AP I, 1-ლი მუხლის მე-4 პარაგრაფი; GCs, მე-3 საერთო მუხლი; AP II, 1-ლი მუხლი)

2. (დოკუმენტი A; დოკუმენტი B; დოკუმენტი D, 1-ლი და მე-2 პარაგრაფები) ვრცელდება თუ არა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი  მთიანი  ყარაბაღის  ტერიტორიაზე?

a. საერთაშორისო თუ  არასაერთაშორისო   ხასიათის   შეიარაღებული   კონფლიქტების სამართალი? (GCs, მე-2 საერთო მუხლი; AP I, მუხლის მე-4 პარაგრაფი; GCs, მე-3 საერთო მუხლი; AP II, 1-ლი მუხლი)

b. ვრცელდება თუ არა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საერთაშორისო  ჰუმანიტარული სამართლის წესები, რომლებიც ოკუპაციას შეეხება?

i. შეიარაღებული კონფლიქტის რომელი  მხარის  ვალდებულებებს  ითვალისწინებს ოკუაციის სამართალი? (GC IV; 1907 წლის ჰააგის რეგულაციების 42-ე და 43-ე მუხლები)

ii. მნიშვნელოვანია თუ არა, ამ წესების გავრცელების დასადგენად იმის  ცოდნა,  თუ როდის დასრულდა საბრძოლო მოქმედებები? ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია ‘მი-24’ ჩამოგდების ფაქტი? (GC IV, მე-6 მუხლი)

3. ვრცელდება თუ არა შეიარაღებული კონფლიქტის მხარეთა ქმედებებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი? დადასტურების შემთხვევაში, აზერბაიჯანის ქმედებებზე მთიან ყარაბაღში? დადასტუდების შემთხვევაში, სომხეთის ქმედებებზე მთიან ყარაბაღში? (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლი; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი და მე-15 მუხლები)

4. როგორი ურთიერთმიემართებაა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ [შეიარაღებული კონფლიქტის მხარეთა] ვალდებულებებს შორის?

5. (დოკუმენტი A) კრძალავს თუ არა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ოკუპაციას? ანექსიას? ახდენს თუ არა ანექსიის  ფაქტი  გავლენას  საერთაშორისო  ჰუმანიტარული სამართლის მოქმედებაზე? (GC IV, 47-ე მუხლი)

6. (დოკუმენტი B; დოკუმენტი C; დოკუმენტი D) ვრცელდება თუ არა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესები  აზერბაიჯანის  მიერ  შვეულმფრენის  “მი-24”  ჩამოგდების ფაქტზე? საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჭრილში იქონიებდა თუ არა გავლენას ამ ფაქტის კანონიერების საკითხზე ის  გარემოება,  თუ  ვის  ეკუთვნოდა  შვეულმფერნი  (სომხეთს თუ მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რესპუბლიკას)? პირველად შვეულმფრენიდან გაიხსნა ცეცხლი თუ არა? გადაჰქონდა თუ არა სამხედრო აღჭურვილობა შვეულმფრენს? AP I, 48-ე და 49-ე მუხლები)

8. (დოკუმენტი B; დოკუმენტი D, მე-3 პარაგრაფი) კანონიერი იყო თუ არა  სამი  მფრინავის მოკვლა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით? ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით? რა დამატებითი ინფორმაცია  გესაჭიროებათ პასუხისთვის? (AP I, 48-51 და 57-ე მუხლები; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლი; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-15 მუხლები)