გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის შემაჯამებელი დასკვნა რუსეთის ფედერაციის რიგით მე-7 პერიოდულ ანგარიშზე: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის იმპლემენტაცია

Logo

*დისკუსია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პლატფორმისთვის მოამზადა გიორგი დვალაძემ.


PDF ფაილი


I. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის შემაჯამებელი დასკვნა რუსეთის ფედერაციის რიგით მე-7 პერიოდულ ანგარიშზე

[წყარო: CCPR, Concluding observations on the seventh periodic report of the Russian Federation, CCPR/C/RUS/CO/7, 28 April 2015, ხელმისავწდომია ვებ-გვერდზე: http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CCPR%2fC%2fRUS%2fCO%2f7&Lang=en]

1. კომიტეტმა 2015 წლის 16 და 17 მარტს გამართულ 3136-ე და 3137-ე სესიებზე (CCPR/C/SR.3136 და 3137) განიხილა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი რიგით მე-7 პერიოდული ანგარიში. 2015 წლის 31 მარტს გამართულ 3157-ე სესიაზე (CCPR/C/SR.3157) კომიტეტმა მიიღო შემდეგი შემაჯამებელი დასკვნები.

[…]

C. ძირითადი პრობლემური საკითხები და რეკომენდაციები

[…]

შეიარაღებული კონფლიქტები უკრაინის დონბასის რეგიონსა და საქართველოს რეგიონში – სამხრეთ ოსეთში

5. […] კომიტეტი შეშფოთებულია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს რეგიონ – სამხრეთ ოსეთში პაქტით აღიარებული უფლებების მძიმე დარღვევების ფაქტების გამო, რომელთა გამოძიებაც სრულად არ მომხდარა (მე-2 მუხლი).

კომიტეტი პაქტის მე-2 მუხლის 1-ლი პარაგრაფისა და 31-ე ზოგადი კომენტარის (2004) შესაბამისად მოუწოდებს ხელშემკვრელ მხარეს [რუსეთის ფედერაციას], დაიცვას პაქტით აღიარებული უფლებები იმ ქმედებებთან მიმართებით, რასაც ადგილი აქვს შეიარაღებული ჯგუფებისა და ე.წ. […] ‘სამხრეთ ოსეთის’ თვითგამოცხადებული ხელისუფლების მხრიდან, რა ფარგლებშიც ის ისეთ გავლენას ახორციელებს ამ ჯგუფებსა და ხელისუფლების განმახორციელებელ ორგანოებზე, რაც მათ ქმედებებზე ეფექტურ კონტროლს გაუტოლდებოდა’.


 

II. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტისა და ადმიანის უფლებათა პრიორიტეტის მიერ ადამიანის უფლებების კომიტეტისთვის 113-ე სესიაზე (16 მარტი-2 აპრილი 2015) განსახილველად წარდგენილი ერთობლივი ანგარიში: რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

[წყარო: Submission from the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA), National Institute for Human Rights (NIHR) and Human Rights Priority for consideration at the 113th Session of the Human Rights Committee (16 March – 2 April 2015) Russian Federation: Russia’s responsibility for human rights in occupied regions of Georgia, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://tbinternet.ohchr.org/_layouts/TreatyBodyExternal/Countries.aspx?CountryCode=RUS&Lang=EN]

[…]

A. შესავალი

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის (ICCPR) მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია საკუთარ ტერიტორიაზე მყოფი ან მის იურისდიქციას დაქვემდებარებული პირებისთვის უზრუნველყოს ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობა. ტერმინი “მის იურისდიქციას დაქვემდებარებული პირები” ფართოდ განიმარტება: გაეროს ადმიანის უფლებების კომიტეტი (კომიტეტი) იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ მიზნებისთვის სახელმწიფოს იურისდიქცია მხოლოდ მის საკუთარ ტერიტორიაზე არ ვრცელდება და მოიცავს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც პაქტის ხელშემკვრელი მხარე თავისსავე საზღვრებს მიღმა შეიარაღებული ძალების საშუალებით ახორციელებს ძალაუფლებას ან ტერიტორიის ეფექტურ კონტროლს, იმის მიუხედავად, თუ რა ფორმით მოხდა ასეთი ძალაუფლებისა თუ ეფექტური კონტროლის დამყარება, მათ შორის, ოკუპაციის გზით.

ამ დროისთვის რუსეთს სრულად აქვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, საქართველო. ამასთან, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს აფხაზეთის, საქართველო, ტერიტორია, მათ შორის, ზემო აფხაზეთი/კოდორის ხეობა. საქართველოს რეგიონების განგრძობადი ოკუპაცია აღიარა ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომაც [გადაწყვეტილება განცხადების საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ (II) დასაშვებობის საკითხზე (Decision on the Admissibility of the Application, Georgia v. Russian Federation (II), Application no. 38263/08 of December 2011)]. ამრიგად, პაქტის მიხედვით რუსეთის ფედერაციას ეკისრება როგორც პოზიტიური, ისე – ნეგატიური ვალდებულებები როგორც აფხაზეთის, საქართველო, ისე – ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, რეგიონში.

97-ე სესიაზე კომიტეტმა რეკომენდაციით მიმართა რუსეთის ფედერაციას, რომ (i) წარმართოს დამოუკიდებელი გამოძიება სამხრეთ ოსეთში, საქართველო, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა შეიარაღებული ჯგუფების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევებზე, და (ii) უზრუნველყოს დაცვის ეფექტიანი საშუალებები ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების მსხვერპლთათვის. ამასთან, კომიტეტმა აღიარა, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ დარღვევებისთვის, რომლებიც მის ეფექტურ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მოხდა (იხილეთ CCPR/C/RUS/CO/6 pp. 5-6).

B. ადამიანის უფლებების დარღვევები

ამ ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ განგრძობადი ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ისევე როგორც (ii) დარღვებზე, რომლებიც მას შემდეგ განხორციელდა, რაც რუსეთის ფედერაცია გახდა საქართველოს რეგიონების ოკუპანტი ძალა (ეფექტურად აკონტროლებს) […].

1. თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება – ICCPR, მე-9 მუხლი

i. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დარღვევები

[…]

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამხრეთ ოსეთის სამხედრო და გასამხედროებული ძალების მიერ, ცალკეულ შემთხვევებში კი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ, 2008 წლის აგვისტოში 200-მდე ქართველის მიმართ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევებზე განცხადებებით მიმართეს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს. განცხადებები შეეხება მათ არასათანადო მოპყრობას დაპატიმრებისა ან/და დაკავების დროს, შრომისუნარიანი კაცების იძულებით შრომას, ეთნიკური წარმომავლობის/იდენტობის და/ან მოქალაქეობის ნიშნით მათ დისკრიმინაციულ მოპყრობასა და მათი ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევებს. დაკავებული პირები არიან სამხრეთ ოსეთის და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებელი სამოქალაქო პირები, რომლებიც სხვადასხვა ადგილას დააკავეს 2008 წლის 9-16 აგვისტოს და მათი უმრავლესობა გადაიყვანეს სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს (სოშსს იზოლატორი) შენობაში […]. დაკავებული პირები იზოლატორში 7-დან 20 დღემდე ვადით იმყოფებოდნენ.

ii. ადამიანის უფლებების დარღვევები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ

2008 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული რუსეთის ეფექტურ კონტროლს დაქვემდებარებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ აგებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი (ასზ) ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს, საქართველო, გამოყოფს საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან. ასზ-ის ორივე მხარეს მცხოვრები პირები არაერთი მიზეზით, მათ შორის, სამედიცინო დახმარების მიღების, ოჯახის წევრების საფლავების მონახულების თუ მეორე მხარეს მცხოვრები ნათესავებისა და ოჯახის წევრების მონახულების მიზნით გამუდმებით კვეთენ საზღვარს. ასზ-ის გადაკვეთა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო ქმედებად მიიჩნევა. გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებული ამ შეზღუდვების გამო რუსი და ოსი მესაზღვრეები “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ბრალდებით აპატიმრებენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, მათ შორის, ქალებს, ბავშვებს და ხანდაზმულ პირებს.

[…]

2. საცხოვრებლის შეუვალობისა და ოჯახური ცხოვრების უფლებით სარგებლობა და საკუთრების განადგურება, ICCPR, მე-2 და მე-17 მუხლები

i. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დარღვევები

2008 წლის აგვიტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები 26,000-მდე საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი და ქონება. ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული სახლების უმეტესობა განზრახ გაძარცვეს და დაწვეს სამხრეთ ოსეთის სამხედრო და გასამხედროებულმა ძალებმა. […] ამ პირებს დღემდე არ შეუძლიათ საკუთარ სახლებში დაბრუნება. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც კონკრეტულად მათი სახლები არ განადგურებულა, პირებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ეკრძალებათ საკუთარ სახლებში დაბრუნება და თავიანთი ქონებით სარგებლობა.

[…]

ii. ადამიანის უფლებების დარღვევები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ

2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან მოკლე პერიოდში, 2008-2009 წელს რუსულმა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მავთულხლართებით ბარიერების მშენებლობა და თხრილების მომზადება ასზ-ის მიმდებარე, საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. […]

[…] მავთულხლართების მშენებლობამ, რომლის სიგრძეც დღეის მდგომარეობით 30-35 კილომეტრია, გორის, ქარელის, კასპისა და წალენჯიხის რეგიონების 2008 წლის ომის შემდეგაც კი საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებული 24-მდე სოფლის მოსახლეობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. […] ახლად აგებული ბარიერის გამო ამ სოფლების მოსახლეობამ დაკარგა წვდომა თავიანთ სამეურნეო ნაკვეთებზე, სახლებზე, საკუთრებაზე და სხვა ნაგებობებზე. რუსი მესაზღვრეები გამუდმებით პატრულირებენ ბარიერისა და პოსტების გასწვრივ.

დემარკაციის სამუშაოების შედეგად მოსახლეობამ დაკარგა კონტაქტი ასზ-ის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახის წევრებთან, რაც მათი საცხოვრებლისა და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევას წარმოადგენს.

[…]

3. გადაადგილების თავისუფლება, ICCPR, მე-2 და ე-12 მუხლები

i. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დარღვევები

2008 წლის ომის დროს დაირღვა ათასობით საქართველოს მოქალაქის გადაადგილების თავისუფლება და საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება. ისინი იძულებულნი გახდნდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მათ დღემდე ეშლებათ ხელი უკან დაბრუნებაში.

[…]

ii. ადამიანის უფლებების დარღვევები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ

[…]

24 სოფლის მოსახლეობას მავთულხლართების გამო ხელი ეშლება საკუთარი ნაკვეთებით სარგებლობაში […].  ტერიტორიაზე შესვლა ვიდეო კამერების საშუალებით კონტროლდება და მუდმივად პატრულირებენ რუსული და/ან სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები.

C. რუსეთის შეიარაღებული ძალების ან რუსეთის ფედერაციის კონტროლს დაქვემდებარებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ყველა განცხადების “სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიების” ვალდებულების შესრულება

რუსეთის ფედერაციის მიერ კომიტეტის შემაჯამებელი დასკვნის (CCPR/C/RUS/CO/6) მე-13 საპასუხოდ მომზადებული ინფორმაცია, ისევე როგორც კომიტეტის მიერ მომზადებული განსახილველ საკითხთა სიის (CCPR/C/RUS/Q/6/Add.1; para. 264) შესაბამისად კომიტეტისთვის გაგზავნილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რუსეთის ფედერაციის მიერ კომიტეტისთვის გაგზავნილი ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს (რფსკ) არ მიუღია მოქალაქეების, მათ შორის ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების განცხადებები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ან სხვა შეიარაღებული ჯგუფების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ.

2009 წელს არაერთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოსკოვში დაფუძნებული პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლმა და ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა მსხვერპლთა სახელით განცხადებით მიმართა რფსკ-ს, რომ გამოეძიებინა 2008 წელს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ომის დროს რუსეთის ფედერაციისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულები. განცხადებები მიუთითებდა არაერთ დანაშაულზე, რომლებიც ჩადენილი იყო რუსეთის ეფექტურ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე. რფსკ-მა დაარეგისტრირა აღნიშნული განცხადებები და ცალკეულ შემთხვევებში დაუკავშირდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მსხვერპლებს წარმოადგენდნენ.

  • კერძოდ, საიასთვის გაგზავნილ, 07.03.2013 დათარიღებულ წერილში რფსკ-ის არაორდინალური საქმეების გამომძიებელმა, ა. ა. დრიმანოვმა დაადასტურა, რომ კომიტეტმა მიიღო საქართველოს მოქალაქეების მიერ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მომზადებული 600 საჩივარი, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს მოქალაქეებით დასახლებულ ტერიტორიებზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს და რფსკ-ი განაგრძობდა ამ საჩივრების გადამოწმებას.
  • ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების პასუხად, რფსკ-მა უარი განაცხადა სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებაზე იმ საფუძვლით, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვრებს მიღმა ჩადენილ დანაშაულებზე წინასწარი გამოძიების ჩატარება არ ექცეოდა კომიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში, თუკი ეს დანაშაულები რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო შეთანხმებებით ცალსახად არ იყო გათვალისწინებული.
  • ამასთან, კომიტეტმა სისხლის სამართლის N. 201/373108-08 საქმეზე წარმოების ფარგლებში აღნიშნა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო გენოციდისა და მასობრივი ხოცვის, ისევე როგორც საქართველო-სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში მყოფ შერეულ ბატალიონებში მომუშავე რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე, თუმცა – არა ეთნიკურად ქართველ მსხვერპლთა წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე.
  • 2001 წლის ოქტომბერში საია-მ მიიღო წერილი, რომელშიც რფსკ აღნიშნავდა, რომ ცალკეულ მსხვერპლთა განცხადებების საპასუხოდ […] კომიტეტი იძიებდა ფაქტებს […]. რფსკ-მა მოწმის სტატუსით დაიბარა რამდენიმე პირი, რომელსაც საია-წარმოადგენს.

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცალსახად დააფიქსირეს უკმაყოფილება […] რფსკ-ის გამოძიების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით არსებული პრობლემების გამო. 2009-2014 წლებში საია გამუდმებით მიმართავდა რფსკ-ს საქართველოს მოქალაქეების მიმართ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ განცხადებების ეფექტიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველსაყოფად, თუმცა რფსკ-მა უპასუხოდ დატოვა ეს წერილები, ან უბრალოდ უბრუნებდა ზოგად და უშინაარსო პასუხებს.

[…]

იმის გათვალისწინებით, რომ რფსკ-ისთვის გამოძიების დაწყების მიზნით განცხადებების გაგზავნიდან 5 წელი გავიდა […], შეგვიძლია მხოლოდ ის დავასკვნათ, რომ რფსკ-ს არ სურს წარმართოს დროული, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებისა და დასჯისკენ იქნებოდა მიმართული.

D. ადამიანის უფლებათა დარღვევები აფხაზეთში, საქართველო

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაცია შეიჭრა არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, საქართველო, არამედ აფხაზეთშიც, საქართველო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პროტესტის მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ნოვოროსიისკისა და პსკოვის საჰაერო დანაყოფები (400 ჯარისკაცი) აფხაზეთში იმყოფებოდნენ 2008 წლის ადრეული მაისიდან. 2008 წლის ომის დროს საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი ზემო აფხაზეთზეც. ამის გამო, 2008 წლის 10 აგვისტოდან რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ აფხაზეთის (მათ შორის ზემო აფხაზეთის), საქართველო, ტეროტორიის სრულ კონტროლს. ამრიგად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება პაქტით გათვალისწინებული უფლებების დაცვის ვალდებულება აფხაზეთის ტერიტორიაზეც.

ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების მსგავს შემთხვევებს ჰქონდა ადგილი აფხაზეთშიც, საქართველო. […]


დისკუსია


I. სიტუაციის კლასიფიკაცია და გამოსაყენებელი სამართალი

1. აკვალიფიცირებს თუ არა სიტუაციას გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი? არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ანგარიში? თქვენ როგორ დააკვალიფიცირებდით სიტუაციას? სახეზეა თუ არა შეიარაღებული კონფლიქტი? თუ კი, რა სახის შეიარაღებული კონფლიქტი? საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი? არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი? ორივე ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი პარალელურად? რა დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებოდათ თქვენი პოზიციის დამატებით გასამყარებლად? რა სამართალი გამოიყენება? ვრცელდება თუ არა დოკუმენტებში მოყვანილ ინციდენტებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი? (GC I-IV, საერთო მე-2 და მე-3 მუხლები; AP I, 1-ლი მუხლი; AP II, მე-2 მუხლი)

2. საუბრობს თუ არა ადამიანის უფლებების კომიტეტი ოკუპაციაზე? არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ანგარიში? როგორ განიმარტება ოკუპაცია საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში? სახეზეა თუ არა დოკუმენტებში ნახსენები რეგიონების ოკუპაცია? ვრცელდება თუ არა ამ ტერიტორიებზე ოკუპაციის სამართალი? რა წყაროები არეგულირებს უცხო ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციას? (GC IV, მე-2 მუხლი; HR, 42-ე მუხლი)

3. მოქმედებს თუ არა ადამიანის უფლებების სამართალი შეიარაღებული კონფლიქტების დროს? სამხედრო ოკუპაციის დროს? სრულად ვრცელდება თუ არა ადამიანის უფლებების სამართალი შეიარაღებული კონფლიქტების ან ოკუპაციის დროს? აღიარებს თუ არა კომიტეტი, რომ ადამიანის უფლებების სამართალი ვრცელდება რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე? როგორ მიემართება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის დებულებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებებს?

II. პირთა მოპყრობა

4. დასაშვებია თუ არა პირთა დაკავება შეიარაღებული კონფლიქტის დროს? საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით? სამოქალაქო პირების დაკავება? მოწინააღმდეგე მხარის შეიარაღებული ძალების წევრების დაკავება? ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მიხედვით? რა შემთხვევებში და რა ვადით არის დასაშვები პირთა დაკავება შეიარაღებული კონფლიქტის დროს? ითვალისწინებს თუ არა სხვა პროცესუალური დაცვის გარანტიებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი? ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი? (GC I-IV, საერთო მე-3 მუხლი; GC III, 21-ე მუხლი; GC IV, 42-43 და 78-ე მუხლები; AP I, 75-ე მუხლი; AP II, მე-5 მუხლი)

5. კრძალავს თუ არა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი არასათანადო მოპყრობას? ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი? (GC I-IV, საერთო მე-3 მუხლი; GC I, მე-12 მუხლი; GC II, მე-12 მუხლი; GC III, მე-13 მუხლი; GC IV, 27-ე მუხლი; AP I, 75-ე მუხლი)

6. კრძალავს თუ არა პირთა იძულებით გადაადგილებას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი? ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი? არსებობს თუ არა ვალდებულება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, რომ იძულებით გადაადგილებული პირები დაბრუნდნენ თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს? ადამიანის უფლებების სამართალში? (GC IV, 49-ე მუხლი; AP II, მე-17 მუხლი)

7. შესაძლებელია თუ არა გადაადგილების თავისუფლების კუთხით შეზღუდვების დაწესება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით? ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მიხედვით? რა შემთხვევებში?

8. აკრძალულია თუ არა დისკრიმინაცია შეიარაღებული კონფლიქტის დროს? საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით? ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლით?

III. საკუთრების დაცვა

9. დასაშვებია თუ არა სამოქალაქო პირების ქონების განადგურება შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით? ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მიხედვით? რა შემთხვევებში? ოკუპაციის დროს? რა ვალდებულებები ეკისრება ოკუპანტ ძალას სამოქალაქო მოსახლეობის ქონების დაცვის კუთხით? ქონებით სარგებლობის უზრუნველყოფის კუთხით? (AP I, 48 და 52 მუხლები; HR, 43-ე მუხლი)

IV. შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა თუ ადამიანის უფლებების დარღვევების გამოძიება

10. ეკისრება თუ არა ვალდებულება შეიარაღებული კონფლიქტის მხარეს გამოიძიოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები? რა შემთხვევებში? არსებობს თუ არა ვალდებულება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, რომ ასეთი გამოძიება აკმაყოფილებდეს სრულყოფილების, ეფექტიანობისა, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს? (GC I-IV, შესაბამისად მუხლები 52/53/132/143)