* ეს საქმე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პლატფორმისთვის მოამზადა გიორგი დვალაძემ.
PDF ფაილი
[წყარო: Islamic State conflict: RAF bombs Saddam palace in north Iraq, BBC, 3 აგვისტო 2016, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.bbc.com/news/uk-36960197]*
[1] გაერთიანებულმა სამეფომ და კოალიციურმა ჯარებმა დაბომბეს ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის მიერ აშენებული სასახლე, რომელსაც ისლამური სახელმწიფოს სამხედრო დაჯგუფება წვრთნებისთვის იყენებდა.
[2] თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსულში, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული სასახლე, რომელიც ყოფილ დიქტატორს ეკუთვნოდა, ისლამური სახელმწიფოს „მთავარ“ შტაბ-ბინად და უცხოელი მებრძოლების საწვრთნელ ბაზად გამოიყენებოდა.
[3] სამეფო საჰაერო ძალების ტორნადოებმა [საჰაერო ხომალდებმა] გამოიყენეს მართვადი ჭურვები […].
[4] მოსული, სიდიდით ერაყის მეორე ქალაქი ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფება 2014 წლის ივნისიდან. […]
[5] [თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული] განცხადების თანახმად, ტორნადოს ტიპის ორმა თვითმფრინავმა სადამ ჰუსეინის სასახლის თავზე ჩამოაგდო ორი ჭურვი […].
„წარმატებული მისია“
[6] თავდაცვის სამინისტრო განაცხადა რომ, მდინარე ტიგროსის კომპლექსზე დიდი ხნის დაკვირვებისა და თვალთვალის შემდეგ გამოირკვა, რომ სასახლის მთავარი შენობა გამოიყენებოდა ისლამური სახელმწიფოს უცხოელი მებრძოლების დასაბინავებლად და შეხვედრებისთვის, ხოლო შენობის გარეთა ნაგებობები — წვრთნებისთვის, შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და „რეპრესიისთვის“.
[7] ორშაბათს, შუადღით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმა, რომელშიც შვიდი ქვეყნის შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ, წინასწარი ინფორმაციის მიხედვით წარმატებული იყო. […]
[8] გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა ერაყში, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო იერიშების ავტორიზება 2014 წლის სექტემბერში მოახდინა.
[9] ბატონმა ფალონმა მაშინ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ [ამ საკითხზე] კენჭისყრა მოხდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოთხოვნის საპასუხოდ, რომელსაც, თავის მხრივ, დახმარება სთხოვა თავად ერაყმა.
დისკუსია:
A. კონფლიქტის კლასიფიკაცია და გამოსაყენებელი სამართალი*
1. (პარაგრაფები [1], [4], [7]-[9]) როგორ დააკვალიფიცირებდით სიტუაციას გაერთიანებულ სამეფოსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის? არის თუ არა სახეზე შეიარაღებული კონფლიქტი? თუ კი, რა ტიპის კონფლიქტია? საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი? არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი? (GC I-IV, საერთო მე-2 და მე-3 მუხლები; AP I, 1-ლი მუხლი; AP II, დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი)
a. რა წინაპირობა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ სახეზე იყოს არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი? თუკი ზემოთ მოცემული ინფორმაცია არასაკმარისია მოცემულ კითხვაზე პასუხისთვის, რა დამატებითი ინფორმაციაა საჭირო? (GC I-IV, საერთო მე-3 მუხლი; AP II, დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი)
b. რა წინაპირობა უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ სახეზე იყოს საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი? არის თუ არა სახეზე შეიარაღებული კონფლიქტი ერაყსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, რომელიც ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს? ამ კუთხით, მნიშვნელოვანია თუ არა ის ფაქტორი, რომ ერაყის მთავრობამ მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დახმარების თხოვნით და ამ უკანასკნელმა ქვეყნებს მოუწოდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისკენ? (GC I-IV, საერთო მე-2 მუხლი; AP I, 1-ლი მუხლი)
2. (პარაგრაფები [1], [7]-[9]) ახდენს თუ არა კონფლიქტის კვალიფიკაციასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების გავრცელებაზე გავლენას გაერთიანებული სამეფოს მიერ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენებული ძალის [საერთაშორისო სამართლის მიხედვით] კანონიერება-უკანონობის საკითხი?
3. რა სამართალი მოქმედებს გაერთიანებული სამეფოსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტზე? ვრცელდება თუ არა ერაყის ტერიტორიაზე გაერთიანებული სამეფოს ქმედებებზე ჟენევის კონვენციების II დამატებითი ოქმის სახელშეკრულებო დებულებები? (GC I-IV, საერთო მე-3 მუხლი; AP II, დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი)
B. საომარი მოქმედებების კანონიერება
4. (პარაგრაფები [2], [3], [5]-[6]) კანონიერი იყო თუ არა გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების მიერ სადამ ჰუსეინის სასახლეზე მიტანილი იერიში? რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე თავდასხმა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით კანონიერად ჩაითვალოს? დაცული იყო თუ არა ეს მოთხოვნები? (AP I, 48 და 51-52 მუხლები, ჩვეულებითი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ კვლევა, წესები 1-24)
a. იყო თუ არა სადამ ჰუსეინის სასახლე კანონიერი სამხედრო სამიზნე? თუ კი, რატომ? (AP I, 52-ე მუხლი, ჩვეულებითი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ კვლევა, წესი 8)
b. რას გულისხმობს თავდასხმის პროპორციულობის პრინციპი და დაცული იყო თუ არა ის მოცემულ შემთხვევაში? (AP I, 51 მუხლი, ჩვეულებითი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ კვლევა, წესი 14)
c. რას გულისხმობს თავდასხმის განხორციელების დროს სიფრთხილის ზომების მიღების ვალდებულება და დაცული იყო თუ არა ის გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებულ თავდასხმაში? (AP I, 57-ე მუხლი, ჩვეულებითი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ კვლევა, წესი 15)
* შენიშვნა: გაერთიანებულ სამეფოს რატიფიცირებული აქვს როგორც 1949 წლის ჟენევის კონვენციები, ისე მათი 1977 წლის დამატებითი ოქმები.