საერთაშორისო ჩვეულებითი ჰუმანიტარული სამართალი

CIHL

საერთაშორისო ჩვეულებითი ჰუმანიტარული სამართლის წესების ჩამონათვალი

ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი ეფუძნება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მომზადებული საერთაშორისო ჩვეულებითი ჰუმანიტარული სამართლის შესახებ კვლევის I ტომში მოცემულ დასკვნებს. ვინაიდან კვლევა მიზნად არ ისახავდა თითოეული სახელშეკრულებო ნორმის ჩვეულებითი ხასიათის დადგენას, წესების თანმიმდევრობა არ იმეორებს ხელშეკრულებების სტრუქტურას. ცალკეული წესის გავრცელების სფეროს შესახებ ინფორმაცია მოცემულია კვადრატულ ფრჩხილებში. აბრევიატურა IAC მიუთითებს ჩვეულებითი სამართლის წესზე, რომელიც საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებში გამოიყენება. აბრევიატურა NIAC მიუთითებს ჩვეულებითი სამართლის წესზე, რომელიც არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტში გამოიყენება. ცალკეულ წესებთან მიმართებით კვლევა მიუთითებს, რომ ის “სავარაუდოდ” არასაერთაშორისო ხასიათის კონფლიქტებშიც ვრცელდება. ამის მიზეზი ის არის, რომ კვლევის ფარგლებში შეგროვილი პრაქტიკა ზოგადად მიუთითებს ასეთი წესის არსებობაზე, თუმცა, ის ნაკლებად სიღრმისეული და ამომწურავია.


 

განსხვავების პრინციპი

განსხვავება სამოქალაქო პირებსა და კომბატანტებს შორის

წესი 1. შეიარაღებული კონფლიქტის მხარეები ვალდებულნი არიან ყოველთვის განასხვაონ სამოქალაქო პირები და კომბატანტები. თავდასხმა მხოლოდ კომბატანტების წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. დაუშვებელია თავდასხმის მიმართვა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ. [IAC/NIAC]

წესი 2. აკრძალულია ძალადობის აქტი ან მუქარა, რომლის ძირითადი მიზანიც სამოქალაქო მოსახლეობაში შიშის დანერგვაა. [IAC/NIAC]

წესი 3. შეიარაღებული კონფლიქტის მხარის შეიარაღებულ ძალებში შემავალი ყველა პირი, სამედიცინო და რელიგიური პერსონალის გარდა, კომბატანტია. [IAC]

წესი 4. შეიარაღებული კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალები შედგება ყველა ორგანიზებული შეიარაღებული ძალის, ჯგუფის ან შენაერთისაგან, რომელთა სათავეშიც დგას ამ მხარის წინაშე თავის დაქვემდებარებაში მყოფ პირთა ქმედებაზე პასუხისმგებელი პირი. [IAC]

წესი 5. სამოქალაქო პირად ითვლება ნებისმიერი პირი, ვინც არ არის შეიარაღებული ძალების წევრი. სამოქალაქო მოსახლეობა შედგება ყველა იმ ადამიანისაგან, რომელიც სამოქალაქო პირია. [IAC/NIAC]

წესი 6. სამოქალაქო პირები სარგებლობენ თავდასხმისაგან დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა და პერიოდისა, როდესაც ისინი უშუალო მონაწილეობას იღებენ საომარ მოქმედებებში. [IAC/NIAC]

 

განსხვავება სამოქალაქო ობიექტებსა და სამხედრო ობიექტებს შორის

წესი 7. შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებმა ყოველთვის უნდა განასხვავონ სამოქალაქო ობიექტები და სამხედრო სამიზნეები. თავდასხმა მხოლოდ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმის განხორციელება დაუშვებელია. [IAC/NIAC]

წესი 8. ობიექტებთან მიმართებით, სამხედრო სამიზნედ ჩაითვლება ცალკეული ობიექტი, რომელსაც თავისი ხასიათის, ადგილ-მდებარეობის, დანიშნულების ან გამოყენების თვალსაზრისით ეფექტური წვლილი შეაქვს საომარ მოქმედებებში და რომლის სრული ან ნაწილობრივი განადგურება, დაკავება ან ნეიტრალიზება მოცემულ გარემოებებში ცალსახა საომარ უპირატესობას იძლევა. [IAC/NIAC]

წესი 9. სამოქალაქო ობიექტია ყველა ობიექტი, რომელიც არ არის სამხედრო სამიზნე. [IAC/NIAC]

წესი 10. სამოქალაქო ობიექტები სარგებლობენ თავდასხმისაგან დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა და პერიოდისა, როდესაც ისინი სამხედრო სამიზნეს წარმოადგენენ. [IAC/NIAC]

 

განურჩეველი ხასიათის თავდასხმები

წესი 11. განურჩეველი ხასიათის თავდასხმები აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 12. განურჩეველია თავდასხმები:

(a) რომლებიც, არ არის მიმართული კონკრეტული სამხედრო სამიზნის წინააღმდეგ;

(b) რომლების განხორციელებისასაც გამოიყენება საომარი მოქმედებების წარმოების ისეთი მეთოდები ან საშუალებები, რომელთა მიმართვაც კონკრეტული სამხედრო სამიზნის წინააღმდეგ შეუძლებელია; ან

(c) რომლების განხორციელებისასაც გამოიყენება ომის წარმოების ისეთი მეთოდები ან საშუალებები, რომელთა შედეგების შეზღუდვაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების შესაბამისად შეუძლებელია;

და შედეგად, თითოეულ ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში, ვერ განასხვავებს სამხედრო სამიზნეებსა და სამოქალაქო პირებს ან სამოქალაქო ობიექტებს. [IAC/NIAC]

წესი 13. აკრძალულია თავდასხმა დაბომბვის ნებისმიერი მეთოდის ან საშუალების გამოყენებით, რომლის დროსაც ერთიან სამხედრო სამიზნედ ითვლება მთელი რიგი ერთმანეთისგან განცალკევებული და განსხვავებული სამხედრო სამიზნეები, რომლებიც განლაგებულია ქალაქად, სოფლად ან სხვა რაიონში, სადაც ასევე კონცენტრირებულია სამოქალაქო მოსახლეობა ან სამოქალაქო ობიექტები. [IAC/NIAC]

 

პროპორციულობის პრინციპი თავდასხმის დროს

წესი 14. აკრძალულია ისეთი თავდასხმის განხორციელება, რომელიც გამოიწვევს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში, სამოქალაქო პირთა დაჭრას ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, ან ასეთი შედეგების ერთობლიობას, რაც აღემატება ასეთი თავდასხმისგან მოსალოდნელ კონკრეტულ და უშუალო სამხედრო უპირატესობას. [IAC/NIAC]

 

სიფრთხილის ზომები თავდასხმის დროს

წესი 15. საომარი მოქმედებების წარმოებისას მხარეებმა მუდმივად უნდა იზრუნონ სამოქალაქო მოსახლეობის, სამოქალაქო პირებისა და ობიექტების დასანდობად. პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში მიღებული უნდა იყოს წინდახედულობის ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემთხვევითი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში, სამოქალაქო პირთა შემთხვევითი დაჭრა და სამოქალაქო ობიექტების შემთხვევითი დაზიანება, და ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ასეთი ფაქტები. [IAC/NIAC]

წესი 16. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს რათა დარწმუნდეს, რომ თავდასხმის ობიექტი სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს. [IAC/NIAC]

წესი 17. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში ყველა სიფრთხილის ზომა მიიღოს თავდასხმის განხორციელების საშუალებებისა და მეთოდების შერჩევისას, რათა თავიდან აიცილოს შემთხვევითი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში, სამოქალაქო პირთა შემთხვევითი დაჭრა და სამოქალაქო ობიექტების შემთხვევითი დაზიანება და, ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმამდე დაიყვანოს ასეთი ფაქტები. [IAC/NIAC]

წესი 18. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში  ყველაფერი იღონოს რათა დარწმუნდეს, რომ თავდასხმა არ გამოიწვევს შემთხვევით მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში, სამოქალაქო პირთა დაჭრას ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, ან ამ ფაქტების ერთობლიობას, რაც აღემატება ასეთი თავდასხმისგან მოსალოდნელ კონკრეტულ და უშუალო სამხედრო უპირატესობას. [IAC/NIAC]

წესი 19. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი იღონოს რათა გააუქმოს ან შეაჩეროს თავდასხმა, თუკი გაირკვევა, რომ თავდასხმის ობიექტი არ არის სამხედრო სამიზნე, ან თუ მოსალოდნელია, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევს შემთხვევით მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში, სამოქალაქო პირთა დაჭრას ან სამოქალაქო ობიექტების განადგურებას, ან ასეთი ფაქტების ერთობლიობას, რაც აღემატება ასეთი თავდასხმისგან მოსალოდნელ კონკრეტულ და უშუალო სამხედრო უპირატესობას. [IAC/NIAC]

წესი 20. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს სამოქალაქო მოსახლეობა ისეთი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სამოქალაქო მოსახლეობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გარემოებები ამის შესაძლებლობას არ იძლევა. [IAC/NIAC]

წესი 21. როდესაც თანაბარი სამხედრო უპირატესობის მოპოვებისთვის რამდენიმე სამხედრო სამიზნეს შორის არჩევანია შესაძლებელი, არჩევანი იმ სამიზნეზე უნდა შეჩერდეს, რომელზე თავდასხმაც სამოქალაქო პირების სიცოცხლესა და სამოქალაქო ობიექტებს მინიმალურ საფრთხეს შეუქმნის. [IAC/NIAC]

 

სიფრთხილის ზომები თავდასხმის შედეგებისგან დასაცავად

წესი 22. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში ყველა ზომა მიიღოს, რათა თავდასხმის შედეგებისგან დაიცვას მის კონტროლს დაქვემდებარებული სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები. [IAC/NIAC]

წესი 23. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად თავი შეიკავოს მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ან მათ მახლობლად სამხედრო სამიზნეების განლაგებისაგან. [IAC/NIAC]

წესი 24. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად გაიყვანოს მათ კონტროლს დაქვემდებარებული სამოქალაქო მოსახლეობა, სამოქალაქო პირები და სამოქალაქო ობიექტები სამხედრო სამიზნეების მახლობლად განლაგებული რაიონებიდან. [IAC/NIAC]

 

განსაკუთრებული დაცვით მოსარგებლე პირები და ობიექტები

სამედიცინო და რელიგიური პერსონალი და ობიექტები

წესი 25. სამედიცინო პერსონალი, რომელიც განსაკუთრებულ სამედიცინო ფუნქციებს ასრულებს ყველა გარემოებებში პატივისცემითა და დაცვით უნდა სარგებლობდეს. ასეთი დაცვის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ის ჰუმანიტარული ფუნქციების მიღმა, მოწინააღმდეგე მხარისთვის ზიანის მომტან ქმედებებს ახორციელებს. [IAC/NIAC]

წესი 26. აკრძალულია სამედიცინო ეთიკის მოთხოვნების დაცვით სამედიცინო მოვალეობების შესრულებისთვის პირთა დასჯა ან მათი იძულება, რომ სამედიცინო ეთიკით აკრძალული საქმიანობა განახორციელონ. [IAC/NIAC]

წესი 27. სამედიცინო პერსონალი, რომელსაც განსაკუთრებული რელიგიური მოვალეობების შესრულება ევალება, ყველა გარემოებებში პატივისცემითა და დაცვით უნდა სარგებლობდეს. ასეთი დაცვის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ის ჰუმანიტარული ფუნქციების მიღმა, მოწინააღმდეგე მხარისთვის ზიანის მომტან ქმედებებს ახორციელებს. [IAC/NIAC]

წესი 28. სამედიცინო დანაყოფები, რომელთა დანიშნულება სამედიცინო ფუნქციების შესრულებაა, ყველა გარემოებაში პატივისცემითა და დაცვით სარგებლობენ. ასეთი დაცვის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ასეთი ობიექტები, ჰუმანიტარული ფუნქციების მიღმა, მოწინააღმდეგე მხარისთვის ზიანის მომტანი ქმედებების განხორციელებისთვის გამოიყენება.

წესი 29. სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებები ყველა გარემოებაში პატივისცემითა და დაცვით სარგებლობენ. ასეთი დაცვის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ეს ობიექტები, ჰუმანიტარული ფუნქციების მიღმა, მოწინააღმდეგე მხარისთვის ზიანის მომტანი ქმედებების განხორციელებისთვის გამოიყენება. [IAC/NIAC]

წესი 30. აკრძალულია თავდასხმა სამედიცინო და რელიგიურ პერსონალსა და ობიექტებზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების დაცვით ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული განმასხვავებელი ემბლემით არის აღნიშნული. [IAC/NIAC]

 

ჰუმანიტარული დახმარების პერსონალი და ობიექტები

წესი 31. ჰუმანიტარული დახმარების პერსონალი და ობიექტები პატივისცემითა და დაცვით სარგებლობენ. [IAC/NIAC]

წესი 32. ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების ფარგლებში გამოყენებული ობიექტები პატივისცემითა და დაცვით სარგებლობენ. [IAC/NIAC]

 

სამშვიდობო მისიაში მონაწილე პერსონალი და ობიექტები

წესი 33. აკრძალულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის შესაბამისად შექმნილ სამშვიდობო მისიაში მონაწილე პერსონალსა და ობიექტებზე თავდასხმა, თუკი ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ობიექტების მსგავსად არიან დაცულნი. [IAC/NIAC]

 

ჟურნალისტები

წესი 34. სამოქალაქო ჟურნალისტები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ, თავდასხმისაგან დაცვით სარგებლობენ, თუკი ისინი უშუალო მონაწილეობას არ იღებენ საომარ მოქმედებებში. [IAC/NIAC]

 

დაცული ზონები

წესი 35. საომარ მოქმედებების შედეგად დაჭრილ, ავადმყოფ და გემის კატასტროფაში მოყოლილ პირთა თავშესაფარად მიზნით შექმნილ ზონებზე თავდასხმა აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 36. შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შექმნილ დემილიტარიზებულ ზონებზე თავდასხმა აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 37. დაუცველ ზონებზე თავდასხმა აკრძალულია. [IAC/NIAC]

 

კულტურული ფასეულობები

წესი 38. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია პატივი სცეს კულტურულ ფასეულობებს:

A. სამხედრო მოქმედებების ფარგლებში შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ რელიგიური, კულტურული, სამეცნიერო ან საქველმოქმედო საქმიანობისთვის განკუთვნილი შენობებისა და ისტორიული ძეგლების დაზიანება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ობიექტები სამხედრო სამიზნეებს წარმოადგენენ.

B. ხალხთა კულტურული მემკვიდრეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ქონებაზე თავდასხმა აკრძალულია, თუკი ამას სამხედრო აუცილებლობა არ მოითხოვს.

[IAC/NIAC]

წესი 39. აკრძალულია ყველა ხალხთა კულტურული მემკვიდრეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების ისეთი მიზნებისთვის გამოყენება, რაც დიდი ალბათობით განაპირობებს მის განადგურებას ან დაზიანებას, თუკი ამას სამხედრო აუცილებლობა არ მოითხოვს. [IAC/NIAC]

წესი 40. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია დაიცვას კულტურული ფასეულობები:

A. რელიგიური, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო საქმიანობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დაწესებულებების, ისტორიული ძეგლების და ხელოვნებისა და მეცნიერების ნიმუშების ჩამორთმევა აკრძალულია.

B. ხალხთა კულტურული მემკვიდრეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ისტორიული ფასეულობების მოპარვა, მაროდიორობა ან მითვისება, ან ამ ნივთების მიმართ ვანდალური ქმედებების განხორციელება აკრძალულია.

[IAC/NIAC]

წესი 41. ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია, არ დაუშვას ოკუპირებული ტერიტორიებიდან კულტურული ფასეულობების უკანონო ექსპორტი და უკანონოდ გატანილი ქონება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაბამისი ხელისუფლების ორგანოებს დაუბრუნოს. [IAC/NIAC]

 

სახიფათო ძალის შემცველი დანადგარები და ნაგებობები

წესი 42. სახიფათო ძალების გამოთავისუფლებისა და შედეგად გამოწვეული მნიშვნელოვანი სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ თუკი, თავდასხმის სამიზნეა სახიფათო ძალის შემცველი დანადგარები და ნაგებობები, კერძოდ, კაშხლები, დამბები და ბირთვული ელექტროსადგურები, და ასეთი ნაგებობების სიახლოვეს განლაგებული სხვა ობიექტები. [IAC/NIAC]

 

ბუნებრივი გარემო

წესი 43. საომარი მოქმედებების მარეგულირებელი ზოგადი პრინციპები ბუნებრივ გარემოზეც ვრცელდება:

A. დაუშვებელია ბუნებრივი გარემოს ნაწილზე თავდასხმა, თუკი ის სამხედრო სამიზნეს არ წარმოადგენს.

B. აკრძალულია ბუნებრივი გარემოს ნაწილის განადგურება, თუკი ამას სამხედრო აუცილებლობა არ მოითხოვს.

C. აკრძალულია თავდასხმის განხორციელება სამხედრო სამიზნეზე, თუკი მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გამოიწვევს ბუნებრივი გარემოს დაზიანებას, რაც აღემატება ამ თავდასხმისგან მოსალოდნელ კონკრეტულ და უშუალო სამხედრო უპირატესობას.

[IAC/NIAC]

წესი 44. ომის მეთოდებისა და საშუალებების გამოყენების დროს აუცილებელია ბუნებრივი გარემოს დაცვისა და შენარჩუნების გათვალისწინება. საომარი მოქმედებების წარმართვისას საჭიროა ყველა სათანადო ზომის მიღება, რათა თავიდან იქნას აცილებული, ან ნებისმიერ შემთხვევაში, შემცირდეს ბუნებრივი გარემოსთვის შემთხვევით ზიანის მიყენება. ცალკეული სამხედრო ოპერაციების გარემოზე ზემოქმედების შესახებ ზუსტი მეცნიერული ინფორმაციის არარსებობა შეიარაღებული კონფლიქტის მხარეს არ ათავისუფლებს ასეთი სიფრთხილის ზომების მიღების ვალდებულებისგან. [IAC/NIAC]

წესი 45. აკრძალულია ომის ისეთი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რომლებიც მიზნად ისახავენ, ან იწვევენ, ბუნებრივი გარემოსთვის ფართომასშტაბიანი, ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. დაუშვებელია ბუნებრივი გარემოს განადგურების ომის იარაღად გამოყენება. [IAC/სავარაუდოდ NIAC]

 

ომის წარმოების კონკრეტული მეთოდები

ბრძანება, რომ არავინ უნდა გადარჩეს

წესი 46. აკრძალულია ბრძანების გაცემა, რომ არავინ უნდა გადარჩეს, ისევე როგორც მოწინააღმდეგე მხარეების მიმართ ასეთი მუქარა ან საომარი მოქმედებების ამგვარად წარმართვა. [IAC/NIAC]

წესი 47. აკრძალულია hors de combat პირებზე თავდასხმა. hors de combat ჩაითვლება ყველა პირი, ვინც:

(a) მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლების ქვეშაა;

(b) უგონოდ ყოფნის, გემის კატასტროფაში მოყოლის, დაჭრის ან ავადმყოფობის გამო დაუცველია; ან

(c) ღიად გამოხატა დანებების სურვილი;

თუკი ის თავს იკავებს მტრული ქმედებებისგან და გაქცევას არ ცდილობს.

[IAC/NIAC]

წესი 48. აკრძალულია ხმელეთზე დაშვების პერიოდში იმ პირებზე თავდასხმა, რომლებიც განსაცდელში მყოფ საჰაერო ხომალდს პარაშუტით ტოვებენ. [IAC/NIAC]

 

ქონების განადგურება და ჩამორთმევა

წესი 49. შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებს შეუძლიათ სამხედრო ალაფის სახით მიითვისონ მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო აღჭურვილობა. [IAC]

წესი 50. დაუშვებელია მოწინააღმდეგე მხარის ქონების განადგურება და ჩამორთმევა, თუკი ეს სამხედრო აუცილებლობით არ არის განპირობებული. [IAC/NIAC]

წესი 51. ოკუპირებულ ტერიტორიებზე:

(a) შესაძლებელია ისეთი მოძრავი საჯარო ქონების ჩამორთმევა, რომელიც სამხედრო ოპერაციებში გამოიყენება;

(b) უძრავი საჯარო ქონების გამოყენებაზე გავრცელდება უზუფრუქტის წესები;

(c) შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებმა პატივი უნდა სცენ კერძო საკუთრებას და დაუშვებელია მისი ჩამორთმევა;

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ქონების განადგურება ან ჩამორთმევა სამხედრო აუცილებლობით არის განპირობებული. [IAC]

წესი 52. მაროდიორობა აკრძალულია. [IAC/NIAC]

 

სამოქალაქო მოსახლეობის დამშევა და ჰუმანიტარული დახმარება

წესი 53. სამოქალაქო მოსახლეობის დამშევის როგორც ომის წარმოების საშუალების გამოყენება აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 54. სამოქალაქო მოსახლეობის გადარჩენისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე თავდასხმა, მათი განადგურება, ჩამორთმევა ან მწყობრიდან გამოყვანა აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 55. შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებმა ყოველთვის უნდა დართონ ნება და ხელი შეუწყონ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად და შეუფერხებლად მიწოდებას, თუკი ასეთი დახმარება მიუკერძოებლობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დაცვით ხორციელდება. შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებს უფლება აქვთ, ჰუმანიტარული საქმიანობა თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარონ. [IAC/NIAC]

წესი 56. შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების პერსონალის გადაადგილების თავისუფლება, თუკი ეს აუცილებელია მათი ფუნქციების შესასრულებლად. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ დროებით და ასეთი ზომები მხოლოდ სამხედრო აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული. [IAC/NIAC]

 

მოწინააღმდეგე მხარის შეცდომაში შეყვანა

წესი 57. სამხედრო ხრიკების გამოყენება აკრძალული არ არის, თუკი ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესის დარღვევას არ წარმოადგენს. [IAC/NIAC]

წესი 58. დაზავების თეთრი დროშის არადანიშნულებისამებრ გამოყენება აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 59. ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული განმასხვავებელი ემბლემის არადანიშნულებისამებრ გამოყენება აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 60. აკრძალული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ემბლემისა და უნიფორმის გამოყენება, თუკი აღნიშნული ავტორიზებული არ არის თავად ამ ორგანიზაციის მიერ. [IAC/NIAC]

წესი 61. საერთაშორისოდ აღიარებული ემბლემების არადანიშნულებისამებრ  გამოყენება აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 62. მოწინააღმდეგე მხარის დროშების ან სამხედრო ემბლემების, სიმბოლიკისა და უნიფორმის არადანიშნულებისამებრ  გამოყენება აკრძალულია. [IAC/სავარაუდოდ NIAC]

წესი 63. აკრძალულია ნეიტრალური ან  იმ სხვა  სახელმწიფოების დროშების ან სამხედრო ემბლემების, სიმბოლიკის ან ფორმის გამოყენება, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენენ. [IAC/სავარაუდოდ NIAC]

წესი 64. მოწინააღმდეგე მხარეზე მოულოდნელი თავდასხმის განხორციელების  განზრახვით ბრძოლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 65. ვერაგობის გზით მოწინააღმდეგის მკვლელობა, დაჭრა ან ტყვედ აყვანა აკრძალულია. [IAC/NIAC]

 

მოწინააღმდეგე მხარესთან კომუნიკაცია

წესი 66. მეთაურებს შეუძლიათ კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით დაამყარონ არამტრული ხასიათის კონტაქტი. ასეთი კონტაქტი კეთილსინდისიერების პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. [IAC/NIAC]

წესი 67. პარლამენტარები ხელშეუხებლობით სარგებლობენ. [IAC/NIAC]

წესი 68. მეთაურებს უფლება აქვთ გაატარონ აუცილებელი ღონისძიებები, რათა პარლამენტარების ყოფნა ზიანის მომტანი არ იყოს. [IAC/NIAC]

წესი 69. პარლამენტარები, რომლებიც თავიანთ პრივილეგირებულ მდგომარეობას იყენებენ საერთაშორისო სამართლით აკრძალული და მოწინააღმდეგე მხარისთვის საზიანო ქმედების განსახორციელებლად, კარგავენ ხელშეუხებლობას. [IAC/NIAC]

 

იარაღი

იარაღის გამოყენების მარეგულირებელი ზოგადი წესები

წესი 70. აკრძალულია ომის წარმოების ისეთი საშუალებებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც გადამეტებულ ზიანს ან არასაჭირო ტანჯვას გამოიწვევენ. [IAC/NIAC]

წესი 71. აკრძალულია არსობრივად განურჩეველი ხასიათის იარაღის გამოყენება. [IAC/NIAC]

 

საწამლავი

წესი 72. საწამლავის ან მოწამლული იარაღის გამოყენება აკრძალულია. [IAC/NIAC]

 

ბიოლოგიური იარაღი

წესი 73. ბიოლოგიური იარაღის გამოყენება აკრძალულია. [IAC/NIAC]

 

ქიმიური იარაღი

წესი 74. ქიმიური იარაღის გამოყენება აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 75. მასობრივი არეულობების ჩახშობის დროს გამოსაყენებელი საშუალებების ომის წარმოების მეთოდად გამოყენება აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 76. აკრძალულია ჰერბიციდების, როგორც ომის წარმოების მეთოდის გამოყენება თუ მათ:

(a) აკრძალული ქიმიური იარაღის თვისებები აქვთ;

(b) აკრძალული ბიოლოგიური იარაღის თვისებები აქვთ;

(c) ისეთი მცენარეულობის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც სამხედრო სამიზნეებს არ წარმოადგენენ;

(d) შეუძლიათ სამოქალაქო მოსახლეობაში უნებლიე მსხვერპლის, სამოქალაქო პირთა დაჭრის ან სამოქალაქო ობიექტების განადგურების, ან ამ მოვლენების ერთბაშად გამოწვევა, რაც, სავარაუდოდ, აღემატება მოსალოდნელ კონკრეტულ და უშუალო სამხედრო უპირატესობას; ან

(e) შეუძლიათ ფართომასშტაბიანი, ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება ბუნებრივი გარემოსთვის.

[IAC/NIAC]

 

გაფართოებადი ტყვიები

წესი 77. დაუშვებელია ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც მარტივად ფართოვდება ან ბრტყელდება ადამიანის სხეულში. [IAC/NIAC]

 

ფეთქებადი ტყვიები

წესი 78. დაუშვებელია ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც ადამიანის სხეულში ფეთქდება. [IAC/NIAC]

 

არაიდენტიფიცირებადი ფრაგმენტების შემცველი იარაღის გამოყენების აკრძალვა

წესი 79. დაუშვებელია ისეთი ფრაგმენტების შემცველი ტყვიების გამოყენება, რომელთა  იდენტიფიცირება ადამიანის სხეულში რენტგენის გამოყენებითაც კი შეუძლებელია. [IAC/NIAC]

 

სამხედრო ხაფანგები

წესი 80. დაუშვებელია ისეთი ხაფანგების გამოყენება, რომლებიც დაკავშირებულია ან ასოცირდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით სპეციალური დაცვით მოსარგებლე პირებთან ან ობიექტებთან, ან ისეთ ნივთებთან, რომლებიც სამოქალაქო პირების ყურადღებას მიიქცევენ. [IAC/NIAC]

 

ნაღმები

წესი 81. ნაღმების გამოყენების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მათი განურჩეველი მოქმედებით გამოწვეული შედეგების მინიმუმამდე დაყვანას. [IAC/NIAC]

წესი 82. შეიარაღებული კონფლიქტის მხარემ, რომელიც ნაღმებს იყენებს, შეძლებისდაგვარად უნდა შეაგროვოს ყველანაირი ინფორმაცია მათი განლაგების შესახებ. [IAC/NIAC]

წესი 83. აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, შეიარაღებული კონფლიქტის მხარე, რომელმაც ნაღმები განათავსა, ვალდებულია ამოიღოს ეს ნაღმები ან სხვაგვარად გააუვნებელყოს ისინი, რათა სამოქალაქო მოსახლეობას ზიანი არ მიადგეს. [IAC/NIAC]

 

ცეცხლგამჩენი იარაღი

წესი 84. ცეცხლგამჩენი იარაღის გამოყენების შემთხვევაში შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ თავიდან აიცილონ მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის, სამოქალაქო პირების დაჭრა ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანება, და ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმამდე დაიყვანონ ასეთი შედეგები. [IAC/NIAC]

წესი 85. აკრძალულია ცეცხლგამჩენი იარაღის გამოყენება ადამიანის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მებრძოლი პირის გასანეიტრალებლად უფრო ნაკლები ზიანის მომტანი იარაღის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. [IAC/NIAC]

 

დამაბრმავებელი ლაზერული იარაღი

წესი 86. აკრძალულია ისეთი ლაზერული იარაღის გამოყენება, რომლის ერთადერთი ან ერთ-ერთი საბრძოლო ფუნქციაც მუდმივი სიბრმავის გამოწვევა ან მხედველობის დაქვეითებაა. [IAC/NIAC]

 

სამოქალაქო და hors de combat პირთა მოპყრობა

დაცვის ძირითადი გარანტიები

წესი 87. სამოქალაქო პირებსა და hors de combat პირებს ჰუმანურად უნდა ეპყრობოდნენ. [IAC/NIAC]

წესი 88. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების შესრულების პროცესში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, რაც განპირობებულია რასით, კანის ფერით, სქესით, ენით, რელიგიით ან რწმენით, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებით, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობით, ეკონომიკური მდგომარეობით, დაბადებით ან სხვა სტატუსით, ან ნებისმიერი სხვა მსგავსი კრიტერიუმით. [IAC/NIAC]

წესი 89. მკვლელობა აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 90. აკრძალულია წამება, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა და პირის ღირსების შელახვა, განსაკუთრებით,  მათი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა. [IAC/NIAC]

წესი 91. ფიზიკური დასჯა აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 92. აკრძალულია სხეულის დასახიჩრება, სამედიცინო ან მეცნიერული ექსპერიმენტები ან ნებისმიერი სხვა პროცედურა, თუკი ეს აუცილებელი არ არის პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და ეწინააღმდეგება ზოგადად დადგენილ სამედიცინო სტანდარტებს. [IAC/NIAC]

წესი 93. აკრძალულია გაუპატიურება და სხვა ფორმის სექსუალური ძალადობა. [IAC/NIAC]

წესი 94. აკრძალულია მონობა და მონობით ვაჭრობის ყველა ფორმა. [IAC/NIAC]

წესი 95. აკრძალულია არაანაზღაურებადი და არაჯანსაღი იძულებითი შრომა. [IAC/NIAC]

წესი 96.  დაუშვებელია მძევლების აყვანა. [IAC/NIAC]

წესი 97. აკრძალულია “ადამიანი-ფარების” გამოყენება. [IAC/NIAC]

წესი 98. აკრძალულია იძულებითი გაუჩინარება. [IAC/NIAC]

წესი 99. აკრძალულია თავისუფლების თვითნებური აღკვეთა. [IAC/NIAC]

წესი 100. დაუშვებელია პირის მსჯავრდება და სასჯელის დაკისრება თუკი დაცული არ არის სამართლიანი სასამართლოს ყველა ძირითადი მოთხოვნა. [IAC/NIAC]

წესი 101. არავინ უნდა იყოს ბრალდებული ან მსჯავრდებული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის თუკი კონკრეტული ქმედება ან უმოქმედობა მისი ჩადენის პერიოდში ეროვნული ან საერთაშორისო სამართლით დასჯად ქმედებას არ წარმოადგენდა; დაუშვებელია იმაზე მძიმე სასჯელის დაკისრება, რასაც სამართალი დანაშაულის ქმედების ჩადენის მომენტში ითვალისწინებდა. [IAC/NIAC]

წესი 102. პირის მსჯავრდება შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველზე. [IAC/NIAC]

წესი 103. კოლექტიური სასჯელის გამოყენება აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 104. სამოქალაქო პირთა და hors de combat პირთა რწმენას და რელიგიურ რიტუალებს პატივს უნდა სცემდნენ. [IAC/NIAC]

წესი 105. ოჯახური ცხოვრების უფლებას შეძლებისდაგვარად უნდა სცემდნენ პატივს. [IAC/NIAC]

 

კომბატანტისა და სამხედრო ტყვის სტატუსი

წესი 106. თავდასხმის ან თავდასხმის მოსამზადებელ საომარ ოპერაციებში მონაწილეობის დროს კომბატანტებმა უნდა განარჩიონ საკუთარი თავი სამოქალაქო მოსახლეობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არ აქვთ უფლება ისარგებლონ სამხედრო ტყვის სტატუსით. [IAC]

წესი 107. კომბატანტებს, რომლებსაც ჯაშუშობის ქმედების განხორციელების დროს აიყვანენ ტყვედ, სამხედრო ტყვის სტატუსით სარგებლობის უფლება არ აქვთ. დაუშვებელია მათი მსჯავრდება ან მათთვის სასჯელის დაკისრება სასამართლო მოსმენის გარეშე. [IAC]

წესი 108. ჟენევის კონვენციების I ოქმით გათვალისწინებული განმარტების შესაბამისად, დაქირავებულ პირებს არ აქვთ უფლება ისარგებლონ კომბატანტის ან სამხედრო ტყვის სტატუსით. დაუშვებელია მათი მსჯავრდება ან მათთვის სასჯელის დაკისრება სასამართლო მოსმენის გარეშე. [IAC]

 

დაჭრილი, ავადმყოფი და გემის კატასტროფაში მოყოლილი პირები

წესი 109. როდესაც გარემოებები ამის საშუალებას იძლევა, და განსაკუთრებით სამხედრო იერიშის განხორციელების შემდგომ პერიოდში, შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დაცვით, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა დაჭრილი, ავადმყოფი და გემის კატასტროფაში მოყოლილი პირების მოძიებასა და  ევაკუაციისთვის. [IAC/NIAC]

წესი 110. დაჭრილ, ავადმყოფ და გემის კატასტროფაში მოყოლილ პირებს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად და დაუყოვნებლივ უნდა აღმოუჩინონ სამხედრო დახმარება, როგორც ამას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს. დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, გარდა სამედიცინო აუცილებლობისა. [IAC/NIAC]

წესი 111. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარემ პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა დაჭრილი, ავადმყოფი ან გემის კატასტროფაში მოყოლილი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მათი ქონების ძარცვის თავიდან აცილების მიზნით. [IAC/NIAC]

 

გარდაცვლილი პირები

წესი 112. როდესაც გარემოებები ამის საშუალებას იძლევა, და განსაკუთრებით სამხედრო იერიშის განხორციელების შემდგომ პერიოდში, შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დაცვით, პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში და დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა გარდაცვლილთა მოძიებასა და ევაკუაციისათვის. [IAC/NIAC]

წესი 113. შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებმა ყველა პრაქტიკულად შესაძლებელი ზომა უნდა მიიღონ გარდაცვლილ პირთა ძარცვის თავიდან ასაცილებლად. აკრძალულია გარდაცვლილთა სხეულის დასახიჩრება. [IAC/NIAC]

წესი 114. შეიარაღებული კონფლიქტის მხარეები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, და უზრუნველყონ გარდაცვლილ პირთა ნეშტების დაბრუნებამათი ოჯახის წევრების და იმ მხარის მოთხოვნის შესაბამისად, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან,. გარდაცვლილი პირების ნივთები აგრეთვე უნდა დაბრუნებულ იქნას. [IAC]

წესი 115. გარდაცვლილები ღირსეულად უნდა დაკრძალონ და მათ სამარხებს ღირსეულად და სათანადოდ უნდა მოეპყრან. [IAC/NIAC]

წესი 116. გარდაცვლილ პირთა იდენტიფიცირების მიზნით შეიარაღებული კონფლიქტის მხარემ მათი დაკრძალვის წინ ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია სათანადოდ უნდა შეაგროვოს და შეინახოს, და მონიშნოს მათი სამარხები. [IAC/NIAC]

 

უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები

წესი 117. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარემ პრაქტიკულად შესაძლებელი ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა გაირკვეს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადებული პირების ბედი და შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოთ უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადებული პირის ოჯახის წევრებს. [IAC/NIAC]

 

თავისუფლებააღკვეთილი პირები

წესი 118. თავისუფლებააღკვეთილ პირებს უნდა მიეწოდოთ სათანადო საკვები, წყალი, ტანსაცმელი, თავშესაფარი და სამედიცინო დახმარება. [IAC/NIAC]

წესი 119. თავისუფლებააღკვეთილი ქალების დაკავების ადგილი მამაკაცების დაკავების ადგილიდან განცალკევებით უნდა იყოს, გარდა ოჯახის გაერთიანების მიზნით შექმნილი ბლოკებისა. ქალების დაკავების ადგილებს ქალები უნდა ზედამხედველობდნენ. [IAC/NIAC]

წესი 120. თავისუფლებააღკვეთილი ბავშვები მოზარდებისგან განცალკევებით  უნდა იყვნენ მოთავსებული, გარდა ოჯახის გაერთიანების მიზნით შექმნილი ბლოკებისა. [IAC/NIAC]

წესი 121. თავისუფლებააღკვეთილი პირების მოსათავსებლად განკუთვნილი დაწესებულებები მოშორებული უნდა იყოს საომარი მოქმედებების ზონისგან და უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვისა და ჰიგიენის მოთხოვნებს. [IAC/NIAC]

წესი 122. თავისუფლებააღკვეთილ პირთა ნივთების ძარცვა აკრძალულია. [IAC/NIAC]

წესი 123. თავისუფლებააღკვეთილი პირების პირადი მონაცემები უნდა აღიწეროს. [IAC/NIAC]

წესი 124.

A. საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უნდა ჰქონდეს რეგულარული წვდომა თავისუფლებააღკვეთილ ყველა პირთან, რათა შესაძლებელი გახდეს მათი მოპყრობის პირობების შეფასება და ოჯახური კავშირების აღდგენა. [IAC]

B. არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შეუძლია შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებს შესთავაზოს მომსახურება შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით თავისუფლებააღკვეთილი პირების დაკავების პირობების შეფასებისა და ოჯახური კავშირების აღდგენის უზრუნველყოფის მიზნით. [NIAC]

წესი 125. თავისუფლებააღკვეთილ პირებს   ოჯახის წევრებთან მიმოწერის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. აღნიშნული შესაძლებელია, დაექვემდებაროს მიმოწერის სიხშირისა და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ცენზურის საჭიროებასთან დაკავშირებულ გონივრულ შეზღუდვებს. [IAC/NIAC]

წესი 126. ინტერნირებულ სამოქალაქო პირებს და არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებშიმნახველების, განსაკუთრებით კი, ახლო ნათესავების მიღების უფლება უნდა მიეცეთ. [IAC/NIAC]

წესი 127. თავისუფლებააღკვეთილი პირების რწმენასა და რელიგიურ რიტუალებს პატივი უნდა სცენ. [IAC/NIAC]

წესი 128.

A. სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და რეპატრიაცია უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, აქტიური საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე. [IAC]

B. ინტერნირებული სამოქალაქო პირები უნდა გათავისუფლდნენ შეძლებისდაგვარად სწრაფად, როგორც კი აღარ იარსებებს მათი განგრძობითი დაკავების განმაპირობებელი გარემოებები, და არა უგვიანეს აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომი უმოკლესი პერიოდისა. [IAC]

C. არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტთან კავშირში დაკავებული პირები უნდა გათავისუფლდნენ შეძლებისდაგვარად სწრაფად, როგორც კი აღარ იარსებებს მათთვის თავისუფლების აღკვეთის მიზეზები. [NIAC]

ზემოთ მოყვანილი პირების თავისუფლების აღკვეთის პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს, თუკი მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ან თუკი ისინი კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაკისრებულ სასჯელს იხდიან.

 

იძულებით გადაადგილება და იძულებით გადაადგილებული პირები

წესი 129.

A. საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებმა არ უნდა მოახდინონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილობრივი ან სრული დეპორტაცია ან იძულებითი გადაყვანა, თუკი ამას სამოქალაქო პირების უსაფრთხოება ან სამხედრო აუცილებლობა არ მოითხოვს. [IAC]

B. არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მხარეებმა არ უნდა გასცენ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო სამოქალაქო მოსახლეობის სრულად ან ნაწილობრივ იძულებით გადაადგილების ბრძანება, თუკი ამას სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება ან სამხედრო აუცილებლობა არ მოითხოვს. [NIAC]

წესი 130. სახელმწიფოებმა არ უნდა მოახდინონ თავიანთი მოსახლეობის მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეპორტაცია ან იძულებითი გადაყვანა. [IAC]

წესი 131. გადაადგილების შემთხვევაში, ყველა  შესაძლო ზომა უნდა იქნას მიღებული იმისთვის, რომ სამოქალაქო მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს  თავშესაფრის, ჰიგიენის, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და კვების დამაკმაყოფილებელი პირობებით, და  ოჯახების წევრები არ იყვნენ ერთმანეთისგან  განცალკევებული. [IAC/NIAC]

წესი 132. იძულებით გადაადგილებულ პირებს უფლება აქვთ, ნებაყოფლობით და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, როგორც კი აღმოიფხვრება ის მიზეზები, რამაც მათი იძულებით გადაადგილება განაპირობა. [IAC/NIAC]

წესი 133. იძულებით გადაადგილებულ პირთა ქონებას პატივი უნდა სცენ. [IAC/NIAC]

 

განსაკუთრებული დაცვით მოსარგებლე სხვა პირები

წესი 134. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების განსაკუთრებულ დაცვას, მათ ჯანმრთელობას და დახმარების საჭიროებებს პატივს უნდა სცემდნენ. [IAC/NIAC]

წესი 135. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვები განსაკუთრებული დაცვითა და პატივისცემით სარგებლობენ. [IAC/NIAC]

წესი 136. დაუშვებელია შეიარაღებული ძალების ან შეიარაღებულ ჯგუფების წევრებად ბავშვების აყვანა. [IAC/NIAC]

წესი 137. ბავშვებს არ უნდა დართონ საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობის ნება. [IAC/NIAC]

წესი 138. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანშიშესული, ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განსაკუთრებული დაცვითა და პატივისცემით სარგებლობენ. [IAC/NIAC]

 

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაცია

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვა

წესი 139. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნები და უზრუნველყოს ამ ნორმების შესრულება თავისი შეიარაღებული ძალებისა და სხვა პირების ან ჯგუფების მიერ, ვინც მათ მითითებებსა და კონტროლს ექვემდებარებიან. [IAC/NIAC]

წესი 140. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესრულებასა და მისი შესრულების უზრუნველყოფაზე არ ვრცელდება ნაცვალგების პრინციპი. [IAC/NIAC]

წესი 141. შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია უზრუნველყოს სამართლის მრჩეველების ხელმისაწვდომობა, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში მეთაურებს მიაწვდიან ინფორმაციას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენების თაობაზე. [IAC/NIAC]

წესი 142. სახელმწიფოებმა და შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებმა თავიანთ შეიარაღებულ ძალებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ. [IAC/NIAC]

წესი 143. სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სამოქალაქო მოსახლეობისთვის სწავლებას. [IAC/NIAC]

 

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აღსრულება

წესი 144. სახელმწიფოებმა არ უნდა წაახალისონ შეიარაღებული კონფლიქტის მხარეების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის შემთხვევები. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების აღმოფხვრის მიზნით მათ შეძლებისდაგვარად უნდა გამოიყენონ თავიანთი გავლენა. [IAC/NIAC]

წესი 145. თუკი სამხედრო რეპრესალიები საერთაშორისო სამართლით არ არის აკრძალული, მათი გამოყენების მიმართ მკაცრი შეზღუდვები ვრცელდება. [IAC]

წესი 146. ჟენევის კონვენციების დაცვით მოსარგებლე პირების წინააღმდეგ რეპრესალიების  გამოყენება აკრძალულია. [IAC]

წესი 147. ჟენევის კონვენციებითა და კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ ჰააგის კონვენციით დაცული ობიექტების წინააღმდეგ რეპრესალიების განხორციელება აკრძალულია. [IAC]

წესი 148. არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებს არ აქვთ უფლება, გამოიყენონ სამხედრო რეპრესალიები. აკრძალულია სხვა საპასუხო ზომების გამოყენება იმ პირების წინააღმდეგ, ვინც არ ან აღარ იღებს უშუალო მონაწილეობას საომარ მოქმედებებში.

 

საერთაშორისო პასუხისმგებლობა და რეპარაცია

წესი 149. სახელმწიფოს დაეკისრება პასუხისმგებლობა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებისთვის, რომლებიც მას მიეწერება. მათ შორის:

(a) თავიანთი ორგანოების, მათ შორის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი დარღვევებისთვის;

(b) იმ პირების ან ორგანიზაციების მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფლების ელემენტების განხორციელების უფლებით აღიჭურვნენ;

(c) იმ პირებისა და ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რომლებიც რეალურად ასრულებენ მათ ბრძანებებს, ან ექვემდებარებიან მათ მითითებებსა და კონტროლს; და

(d) კერძო პირებისა და ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, თუკი სახელმწიფოები აღიარებენ და საკუთარ ქმედებად აცხადებენ აღნიშნულ ქმედებებს.

[IAC/NIAC]

წესი 150. სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე, ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი დარღვევით  გამოწვეული ზიანის ან დანაკარგის სრული რეპარაცია. [IAC/NIAC]

 

ინდივიდუალური პასუხისმგებლობა

წესი 151. პირებს დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის. [IAC/NIAC]

წესი 152. მეთაურებს და სხვა ზემდგომ პირებს დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი მათი ბრძანებების შესაბამისად სამხედრო დანაშაულს ჩაიდენენ. [IAC/NIAC]

წესი 153. მეთაურებს და სხვა ზემდგომ პირებს დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის, თუკი მათ იცოდნენ, ან უნდა სცოდნოდათ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები აპირებდნენ ან რეალურად ჩადიოდნენ ასეთ დანაშაულს და მათ საკუთარი ძალაუფლების ფარგლებში არ მიიღეს ყველა აუცილებელი და გონივრული ზომა, რათა მოეხდინათ დანაშაულის პრევენცია, ან თუკი ასეთი დანაშაული უკვე ჩადენილია, უზრუნველეყოთ პასუხისმგებელი პირების დასჯა. [IAC/NIAC]

წესი 154. ყველა კომბატანტი ვალდებულია არ შეასრულოს ცალსახად უკანონო ბრძანება. [IAC/NIAC]

წესი 155. მეთაურის ბრძანების შესრულება დაქვემდებარებაში მყოფ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს, თუკი მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ბრძანება უკანონო იყო. [IAC/NIAC]

 

სამხედრო დანაშაულები

წესი 156. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები სამხედრო დანაშაულებს განეკუთვნება. [IAC/NIAC]

წესი 157. სახელმწიფოებს უფლება აქვთ თავიანთი ეროვნული სასამართლოების მეშვეობით სამხედრო დანაშაულებზე უნივერსალური იურისდიქცია განახორციელონ. [IAC/NIAC]

წესი 158. სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ თავიანთი მოქალაქეების ან შეიარაღებული ძალების მიერ, ან მათ ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, და საჭიროების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელონ პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა გამოიძიონ მათ იურისდიქციას დაქვემდებარებული სხვა სამხედრო დანაშაულები და საჭიროების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელონ პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. [IAC/NIAC]

წესი 159. საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ხელისუფლების განმახორციელებელმა ორგანოებმა შეძლებისდაგვარად ფართო ამნისტია უნდა გამოაცხადონ იმ პირების მიმართ, ვინც არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებში მიიღო მონაწილეობა, ან ვინც შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში იქნა დაკავებული, გარდა იმ პირებისა, ვინც ეჭვმიტანილნი, ბრალდებულნი ან მსჯავრდებულნი არიან სამხედრო დანაშაულების ჩადენისთვის. [NIAC]

წესი 160. სამხედრო დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. [IAC/NIAC]

წესი 161. სახელმწიფოებმა მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლონ სამხედრო დანაშაულების გამოძიებისა და ეჭვმიტანილი პირების სისხლის სამართლის სფეროში. [IAC/NIAC]