საქართველო: იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულება

cropped-logo1.png

შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას ჯავშანტექნიკა შესაძლოა „დელტამ“ მიაწოდოს

*დისკუსია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პლატფორმისთვის მოამზადა გიორგი დვალაძემ.

sacecxle_modulit.jpg

წყარო: ინტერპრესნიუსი


PDF ვერსია


I. შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას ჯავშანტექნიკა შესაძლოა, „დელტამ“ მიაწოდოს

[წყარო: ინტერპრესნიუსი, ‘შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას ჯავშანტექნიკა შესაძლოა, „დელტამ“ მიაწოდოს’, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.interpressnews.ge/ka/article/515529-shoreuli-agmosavletis-ramdenime-kveqanas-javshanteknika-shesazloa-deltam-miacodos]

შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას ჯავშანტექნიკა შესაძლოა, „დელტამ“ მიაწოდოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასგან“ გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე განმარტებით, ჯავშანტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით, შესაბამის ქვეყნებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ამასთან, „დელტას“ ინფორმაციით, დასკვნით ფაზაშია მოლაპარაკებები პოტენციური კლიენტისთვის თვისებრივად ახალი ინტეგრირებული სადაზვერვო სისტემის მიწოდებაზე.

„ვინაიდან ცენტრის ინტელექტუალური და საწარმოო რესურსები სრული დატვირთვით მუშაობს ახალი პროდუქტის განვითარებისთვის, გვაქვს შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე მყარად დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი და შესაბამისად, 2018 წლისთვის კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, ისე საერთაშორისო კონტრაქტებზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანასთან ჯავშანტექნიკის მიწოდებაზე, რის შედეგადაც დელტა გააფართოვებს კლიენტების გეოგრაფიულ დაფარვას. დასკვნით ფაზაშია დელტას მიერ პოტენციური კლიენტისთვის თვისებრივად ახალი ინტეგრირებული სადაზვერვო სისტემის მიწოდებაზე მოლაპარაკებები, რომელსაც ფართო აუდიტორია სულ მალე იხილავს“, – აცხადებენ „დელტაში“.

[…]

II. ‘დელტა’, სად ვართ წარმოდგენილი

[წყარო: ‘დელტა’, სად ვართ წარმოდგენილი, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.delta.gov.ge/ჩვენი-ლოკაციები]

[ინტერაქტიულ რუქაზე წარმოდგენილია შემდეგი ქვეყნების ჩამონათვალი (ბოლოს ნანახია 2018 წლის 15 ოქტომბერს): ამერიკის შეერთებული შტატები, პერუ, უკრაინა, ყაზახეთი, ბანგლადეში, ინდია, პაკისტანი, იემენი, საუდის არაბეთი, ერაყი, იორდანია, თურქეთი, ეგვიპტე, ლიბია, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, კენია, ზიმბაბვე, სამხრეთ აფრიკა]

 

III. ‘დელტას’ შესახებ

[წყარო: საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება N. 25, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ, 25 აგვისტო 2015, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2952086]

 მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი „დელტა“ (შემდგომში – ცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას.

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

3. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, კანონქვემდებარე აქტები და წინამდებარე დებულება.

[…]

მუხლი 3. ცენტრის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:

[…]

მ) ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, საბრძოლო ტექნიკის და მათი მაკომპლექტებელი ელემენტების შეძენა-შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

[…]

რ) სამინისტროს მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანები და ფუნქციები.

2. ცენტრი თავისი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე:

[…]

მ) მონაწილეობს ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გამოფენების ორგანიზაციასა და გამართვაში;

[…]

ქ) ასრულებს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დავალებებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცენტრს უფლება აქვს ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს მასზე.

[…]

 

IV. იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულება

[წყარო: იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულება, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/54228]

[…]

პრეამბულა

ამ ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოები,

[…]

აღიარებენ რა, სახელმწიფოთა ლეგიტიმურ პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ეკონომიკურ და კომერციულ ინტერესებს ჩვეულებრივი შეიარაღებით საერთაშორისო ვაჭრობაში,

ადასტურებენ რა, ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას დაარეგულიროს და აკონტროლოს ჩვეულებრივი შეიარაღება ექსკლუზიურად საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში, მათი სამართლებრივი ან კონსტიტუციური სისტემის შესაბამისად,

აღიარებენ რა, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება, განვითარება და ადამიანის უფლებები არის გაეროს სისტემის საყრდენი და საფუძველი კოლექტიური უსაფრთხოებისა და აცნობიერებენ, რომ განვითარება, მშვიდობა, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგამაძლიერებელია,

[…]

აცნობიერებენ რა, ჩვეულებრივი შეიარაღებით უკანონო და დაურეგულირებელი ვაჭრობის შედეგებს უსაფრთხოებასა, სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე,

ითვალისწინებენ რა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები, შეადგენენ უმრავლესობას, რომლებსაც ყველაზე მეტი ზიანი ადგებათ შეიარაღებული კონფლიქტისა და შეიარაღებული ძალადობის დროს,

აცნობიერებენ რა, ასევე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა წინაშე მდგარ პრობლემებს და მათი სათანადო მოვლის, რეაბილიტაციისა და სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის საჭიროებას,

[…]

ხაზგასმით აღნიშნავენ რა, ამ ხელშეკრულების საყოველთაოდ სავალდებულოდ აღიარების სურვილს,

[…]

პრინციპები

[…]

– საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემა და პატივისცემის უზრუნველყოფა, მათ შორის, 1949 წლის ჟენევის კონვენციების შესაბამისად, ადამიანის უფლებების პატივისცემა და პატივისცემის უზრუნველყოფა, მათ შორის, გაეროს წესდებისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად;

– ყველა სახელმწიფოს მოვალეობაა მათი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ეფექტურად არეგულიროს ჩვეულებრივი შეიარაღებით საერთაშორისო ვაჭრობა, და ხელი შეუწყოს მათ გადამისამართებას, ისევე როგორც სახელმწიფოთა პირველადი მოვალეობაა მათი ეროვნული კონტროლის სისტემების შექმნა და განხორციელება;

[…]

მუხლი 1: ობიექტი და მიზანი

– ამ ხელშეკრულების ობიექტია დააწესოს შესაძლო უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები შეიარაღებით საერთაშორისო ვაჭრობის დასარეგულირებლად ან რეგულირების გასაუმჯობესებლად;

– ჩვეულებრივი შეიარაღებით უკანონო ვაჭრობისა და მათი გადამისამართების აღმოფხვრა და აღკვეთა;

[…]

მუხლი 2: მოქმედების სფერო

1. ეს ხელშეკრულება ვრცელდება ყველა სახის ჩვეულებრივ შეიარაღებაზე შემდეგი კატეგორიების ფარგლებში:

a) ტანკები;

b) დაჯავშნული საბრძოლო მანქანები;

c) მაღალ-კალიბრიანი საარტილერიო სისტემები;

d) საბრძოლო საჰაერო ხომალდები;

e) მოიერიშე ვერტმფრენები;

f) სამხედრო გემები;

[…]

h) მცირე შეიარაღება და მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი.

2. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის საერთაშორისო სავაჭრო საქმიანობა მოიცავს ექსპორტს, იმპორტს, ტრანზიტს, გადატვირთვასა და საბროკერო საქმიანობას, შემდგომში “გადაცემა”.

[…]

მუხლი 3: საბრძოლო მასალა/აღჭურვილობა

თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა შექმნას და შეინარჩუნოს ეროვნული კონტროლის სისტემა, რათა არეგულიროს გასროლილი, გაშვებული ან მე-2 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ჩვეულებრივი შეიარაღების ფარგლებში მიწოდებული საბრძოლო მასალის/აღჭურვილობის ექსპორტი, და უნდა გამოიყენოს შეთანხმების მე-6 და მე-7 მუხლები ასეთი საბრძოლო მასალის/აღჭურვილობის ექსპორტის ნებართვის გაცემამდე.

 მუხლი 6: აკრძალვები

1. წევრმა სახელმწიფომ არ უნდა გასცეს ნებართვა ჩვეულებრივი შეიარაღების, რომლებიც განსაზღვრულია მე-2 მუხლის პირველ პუნქტში ან საგნების, რომელიც განსაზღვრულია მე-3 და მე-4 მუხლებში ნებისმიერ გადაცემაზე, თუკი გადაცემა დაარღვევს მის ვალდებულებებს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ ზომებთან მიმართებაში, რომელიც მოქმედებდა გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად, განსაკუთრებით შეიარაღების ემბარგოს თაობაზე.

2. წევრმა სახელმწიფომ არ უნდა გასცეს ნებართვა ჩვეულებრივი შეიარაღების, რომლებიც განსაზღვრულია მე-2 მუხლის პირველ პუნქტში ან საგნების, რომელიც განსაზღვრულია მე-3 და მე-4 მუხლებში, ნებისმიერ გადაცემაზე თუკი გადაცემა არღვევს მის შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომლის მხარესაც იგი წარმოადგენს, განსაკუთრებით კი იმ ხელშეკრულებების, რომლებიც ეხება ჩვეულებრივი შეიარაღების გადაცემას, ან უკანონო საქონლით ვაჭრობას.

3. წევრმა სახელმწიფომ არ უნდა გასცეს ნებართვა ჩვეულებრივი შეიარაღების, რომლებიც განსაზღვრულია მე-2 მუხლის პირველ პუნქტში ან საგნების, რომელიც განსაზღვრულია მე-3 და მე-4 მუხლებში ნებისმიერ გადაცემაზე თუ მას ნებართვის გაცემის დროისათვის ეცოდინება, რომ შეიარაღება და საგნები გამოყენებულ იქნება გენოციდის, დანაშაულის კაცობრიობის წინააღმდეგ, 1949 წლის ჟენევის კონვენციების უხეში დარღევის, სამოქალაქო ობიექტების ან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების, ან სხვა სამხედრო დანაშაულების ჩასადენად, როგორც განსაზღვრულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებში, რომლის მხარესაც იგი წარმოადგენს.

მუხლი 7: ექსპორტი და ექსპორტის შეფასება

1. თუ ექსპორტი არ არის აკრძალული მე-6 მუხლით, ყოველმა ექსპორტიორმა მხარემ, მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჩვეულებრივი შეიარაღების ან მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული საგნების ექსპორტის ნებართვის გაცემამდე, საკუთარი იურისდიქციისა და მისი კონტროლის სისტემის შესაბამისად, ობიექტური და არადისკრიმინაციული ფორმით, შესაბამისა ფაქტორების გათვალისწინებით, მე-8მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იმპორტიორი სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ჩათვლით უნდა შეაფასოს შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივი შეიარაღება და საგნები:

a) ხელს შეუწყობს ან საფრთხეს შეუქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

b) შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

I) საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მნიშვნელოვანი დარღვევის ჩასადენად ან აღნიშნულის ხელის შესაწყობად;

II) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი დარღვევის ჩასადენად ან აღნიშნულის ხელის შესაწყობად;

III) ისეთი ქმედების ჩასადენად ან ხელის შესაწყობად, რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციებით ან ოქმებით, რომლის მხარეც ექსპორტიორი სახელმწიფოა, წარმოადგენს დანაშაულს; ან

IV) ისეთი ქმედების ჩასადენად ან ხელის შესაწყობად, რომელიც ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციებით ან ოქმებით, რომლის მხარეც ექსპორტიორი სახელმწიფოა, წარმოადგენს დანაშაულს.

2. ექსპორტიორმა წევრმა სახელმწიფომ ასევე უნდა განიხილოს არსებობს თუ არა პირველი პუნქტის “a” ან “b” ქვეპუნქტში განსაზღვრული რისკების შემამცირებელი ზომები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს, როგორიცაა ნდობის განსამტკიცებელი ზომები ან ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოების მიერ ერთობლივად შემუშავებული და შეთანხმებული პროგრამები.

3. თუ, ამ შეფასების გაკეთებისა და შემამსუბუქებელი ზომების განხილვის გათვალისწინებით, ექსპორტიორი წევრი სახელმწიფო დაადგენს, რომ არსებობს პირველ პუნქტში გათვალისწინებული ნებისმიერი უარყოფითი შედეგის მნიშნელოვანი რისკი, მაშინ ექსპორტიორმა წევრმა სახელმწიფომ არ უნდა გასცეს ექსპორტის ნებართვა.

4. ექსპორტიორმა წევრმა სახელმწიფომ, ამ შეფასების გაკეთებისას, უნდა გაითვალისწინოს, მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჩვეულებრივი შეიარაღების ან მე-2 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული საგნების გამოყენებით, მნიშვნელოვანი გენდერული ან ქალთა და ბავშვთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ან ასეთის ხელშეწყობის რისკი.

5. ექსპორტიორმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რომ მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჩვეულებრივი შეიარაღების ან მე-2 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული საგნების ექსპორტის ნებართვა იყოს დეტალური და გაცემულია ექსპორტის განხორციელებამდე.

6. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ შესაბამისი ინფორმაცია საეჭვო ნებართვის შესახებ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს, მოთხოვნის საფუძველზე, იმპორტიორი წევრი სახელმწიფოსათვის და სატრანზიტო ან გადამტვირთავი წევრი სახელმწიფოსათვის, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, პრაქტიკისა და პოლიტიკის გათვალისწინებით.

7. თუ, ნებართვის გაცემის შემდეგ, ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოსათვის ცნობილი გახდება ახალი სათანადო ინფორმაცია, მაშინ რეკომენდირებულია ნებართვის ხელახალი შეფასება, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტიორ სახელმწიფოსთან კონსულტაციით.

[…]

დისკუსია:

1. ითვალისწინებს თუ არა საერთაშორისო სამართალი აკრძალვებს ან შეზღუდვებს იარაღით ვაჭრობის სფეროში? თუ კი, ვრცელდება თუ არა ასეთი საერთაშორისო ვალდებულებები საქართველოზე? რომელი საერთაშორისო ხელშეკრულებები არეგულირებს აღნიშნულ საკითხებს?

2. ითვალისწინებს თუ არა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ვალდებულებებს იარაღით ვაჭრობის სფეროში? ვრცელდება თუ არა ეს ვალდებულებები იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ არიან კონკრეტული შეიარაღებული კონფლიქტის მხარეები? თუ კი, რა სახის ვალდებულებები ეკისრებათ ასეთ დროს მესამე სახელმწიფოებს? (GC I-IV, 1-ლი მუხლი)

3. რა ვალდებულებებს ითვალისწინებს იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულება იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით? რა მოეთხოვებათ სახელმწიფოებს იარაღის ექსპორტის შესახებ ნებართვის გაცემამდე? ახდენს თუ არა გავლენას ამ ვალდებულებებზე ის ფაქტორი, რომ დანიშნულების ქვეყანა შეიარაღებული კონფლიქტის მხარეა? გათვალისწინებული უნდა იყოს თუ არა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სამართლის სერიოზული დარღვევები იარაღის ექსპორტიორი სახელმწიფოს მიერ ექსპორტის შესახებ ნებართვის გაცემის დროს? (იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულება, მე-6 და მე-7 მუხლები)

4. ექცევა თუ არა ჯავშანტექნიკა, ან ‘დელტას’ მიერ წარმოებული სხვა პროდუქცია, იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედების სფეროში?