ICC, საქართველოს სიტუაცია, წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილება პროკურორის შუამდგომლობაზე გამოძიების დაწყების უფლებამოსილების შესახებ

 

Logo

* დისკუსია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პლატფორმისთვის მოამზადა გიორგი დვალაძემ.


PDF ფაილი


[წყარო: გადაწყვეტილება პროკურორის შუამდგომლობაზე გამოძიების დაწყების უფლებამოსილების შესახებ, საქართველოს სიტუაცია, წინასასამართლო პალატა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, №: ICC-01/15, 27 იანვარი 2015, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://www.icc-cpi.int/Pages/record.aspx?docNo=ICC-01/15-12-tKAT; სქოლიოები მოშლილია]

[…]

1. 2015 წლის 13 ოქტომბერს პალატამ მიიღო პროკურორის “მე-15 მუხლის თანახმად შეტანილი შუამდგომლობა გამოძიების დაწყების უფლებამოსილების შესახებ”, საჯარო და ცალმხრივად კონფიდენციალურ (ex parte, Lat.) დანართებთან ერთად […]. პროკურორმა I წინასასამართლო პალატისგან ითხოვა „უფლებამოსილება გამოიძიოს საქართველოს სიტუაციაში, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მიდამოებში, შესაძლო ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები და დანაშაულებები კაცობრიობის წინაშე. […]

2. მოცემული გადაწყვეტილება მიღებულია წესდების მე-15 მუხლის შესაბამისად. როგორც უკვე აღნიშნულია სხვა პალატების მიერ, მოცემული პროცედურის მიზანი და დანიშნულება მდებარეობს პროკურორის საკუთარი ინიციატივით (proprio motu, Lat.), წევრი-სახელწიფოს, ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიმართვის გარეშე, გამოძიების დაწყების უფლებამოსილების სასამართლო კონტროლში. […]

3. ტექსტის მომდევნო ნაწილებში პალატა გთავაზობთ შუამდგომლობის და დამატებითი მასალების ანალიზის შედეგების ახსნა-განმარტებას წესდების 53(1) მუხლის სამი ნაწილის შესაბამისად: არსებობს, თუ არა მართებული საფუძველი იმისთვის, რომ სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაული ჩაითვალოს ჩადენილად ან ჩადენის პროცესში მყოფად (I ნაწილი); მისაღებია თუ არა ამ სიტუაციიდან გამომდინარე საქმეები წესდების მე-17 მუხლის თანახმად (II ნაწილი); და არსებობს თუ არა მართებული საფუძველი იმისთვის, რათა ჩაითვალოს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს (III ნაწილი). ბოლო ნაწილში მოყვანილია პალატის მთავარი დასკვნა და განსაზღვრულია პროკურორისთვის მოცემული უფლებამოსილების ფარგლები (IV ნაწილი).

I. არსებობს, თუ არა მართებული საფუძველი რათა ჩაითვალოს, რომ ჩადენილია სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაული

6. […] შუამდგომლობაში პროკურორის მიერ მოყვანილი შესაძლო ჩადენილი დანაშაულებები: (i) წესდებით განსაზღვრული დანაშაულებებია, უშუალოდ წესდების მე-7 და მე-8 მუხლით (საგნობრივი იურისდიქცია (ratione materiae, Lat.)); (ii) რომლებსაც შესაძლოდ ადგილი ჰქონდათ 2003 წლის 1 დეკემბრის შემდეგ (საქართველოში რომის წესდების ამოქმედების თარიღი) (დროის ფაქტორის იურისდიქცია (ratione temporis, Lat.)); (iii) საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული იურისდიქცია (ratione loci, Lat.)). ბოლო ასპექტთან დაკავშირებით, პალატა   ეთანხმება   პროკურორის   წინადადებას […], რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილად ჩაითვალოს, ვინაიდან სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფოს არ წარმოადგენს, და ზოგადად დამოუკიდებელ სახელწიფოდ არ ითვლება.

მნიშვნელოვანი ფაქტები

7. პროკურორის განცხადებით, ჩადენილია შემდეგი შესაძლო დანაშაულებები: სამხედრო დანაშაულებები: (i) განზრახ-სისოცხლის წართმევა (მუხლი 8(2)(a)(i)) ან მკვლელობა (მუხლი 8(2)(c)(i)), საკუთრების განადგურება (მუხლი 8(2)(b)(xiii)) ან (მუხლი 8(2)(e)(xii)), და ძარცვა/მაროდიორობა (მუხლი 8(2)(b)(xvi) ან (2)(e)(v)), სამშვიდობოებზე განზრახ-თავდასხმა (მუხლი 8(2)(b)(iii)); და აგრეთვე (ii) დანაშაულებები კაცობრიობის წინაშე: მკვლელობა (მუხლი 7(1)(a)), გაძევება/დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება (მუხლი 7(1)(d)) და დევნა (მუხლი 7(1)(h)).

8. ქვემოთ მოყვანილია პროკურორის შუამდგომლობაში გამოცხადებული, და თანდართული მასალებით დადასტურებული, მნიშვნელოვანი ფაქტების მოკლე შინაარსი.

9. 2008 წლის აგვიტოს კონფლიქტის წინა თვეებში, სამხრეთ ოსეთში და მიდამოებში დაიძაბა ურთიერთობები სამხრეთ ოსური და ქართული მხარეების შორის. 2008 წლის ივლისის თვეში ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ შეტაკებებს, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქართული სამხედრო მოსამსახურეების დაკავებებს, ქალაქ ცხინვალის და მისი სამხრეთის რაიონების დაბომბვას და სროლას, რომელშიც დაზიანდა რამდენმე ადამიანი, და დაინგრა ქონება, ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავის შესაძლო შეჭრას საქართველოს საჰაერო სივრცეში, სროლის ინციდენტებს სამხრეთ ოსეთში, და აგრეთვე, სხვათა შორის, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ გამიზნულ აფეთქებების სერიას. 2008 წლის ივლისის 24-დან 28-მდე ცხინვალის სამხრეთ მიდამოებში და საქართველოს ადმინისტრირებულ სოფელ ავნევში, გაერთიანებული სამშვიდობო ძალების (JPKF) ქართული ბატალიონის საგუშაგოსთან მოხდა რამდენიმე აფეთქება. 2008 წლის ივლისის 29-დან 31-მდე ადგილი ჰქონდა ურთიერთსროლას საქართველოს ადმინისტრირებულ სოფელ სვერის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრირებულ სოფელ ანძისის შორის, სოფელ ხეთაგუროვოში განლაგებულ სამხრეთ ოსური მილიციის და ქართული პოლიციის საგუშაგოებს შორის, და აგრეთვე იხსნებოდა ცეცხლი გაერთიანებული სამშვიდობო ძალების გაერთიანებული მონიტორინგის ჯგუფზე.

10. 2008 წლის 1-2 აგვისტოს ღამეს, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიების შორის, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინტენსიურ ურთიერთსროლას სნაიპერის ცეცხლის და ნაღმსატყორცნების გამოყენებით, რის შედეგად დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. ნაკლები ინტენსიურობის ურთიერთსროლები გაგრძელდა 2-3, და 3-4 აგვისტოს ღამეებსაც. არსებული ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დაწყების წინაპერიოდში, სოფელ ანძისში, სარაბუკში, ნულში, ავნევში და ფრონეს ხეობაში დაიბომბა ქართული სამშვიდობოების პოზიციები. დამრღვევების ვინაობა, და თავდასხმის დრო დღესაც სადავოა, იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარე აცხადებს, რომ თავდასხმა განხორციელდა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან.

11. 2008 წლის 6 აგვისტოს შუადღის საათებში სროლა მიმდინარეობდა ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების საკონტაქტო ხაზის მთელ მანძილზე, 7 აგვისტოს-კი ცეცხლი გაინტენსიურდა ნაღმტყორცნების და არტილერიის გამოყენებით, რასაც, არსებული ინფორმაციით, მოჰყვა რამდენიმე მსხვერპლი. 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა, სატელევიზიო მიმართვაში, გამოაცხადა ერთმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ამის მიუხედავად, 18 მიახლოებით 22:00 საათზე ბრძოლა იყო განახლებული. ცოტა ხანში ბრძოლაში ჩაერთნენ რუსეთის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სამხედრო დანაყოფები და არარეგულარული შეიარაღებული დაჯგუფებები, და სიტუაცია გადაიზარდა შინაგან და საერთაშორისო კონფლიქტში, სადაც ერთ დონეზე მოხდა ქართული და რუსული შეიარაღებული ძალების ერთმანეთთან დაპირისპირება, ხოლო მეორე დონეზე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაუპირისპირდნენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მებრძოლები, არარეგულარულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ერთად.

12. 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალები, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხრეთიდან, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან შევიდნენ. უფრო ზუსტად, 2008 წლის 8 აგვიტოს დილის საათებში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს შეტევა ქალაქ ცხინვალზე, და აგრეთვე ჩაატარეს ოპერაციები ქალაქის მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე. ფლანგური ოპერაციების სავარაუდო დანიშნულება იყო გადაადგილება ჩრდილოეთის მიმართულებით, ჩამომავალი რუსეთის ჯარის გაჩერების მიზნით. თანდართულ მასალებში აგრეთვე მითითებულია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსეთის სამშვიდობო ძალებს განზრახულად თავს დაესხნენ: (i) გაერთიანებული სამშვიდობო ძალების (JPKF) შტაბ ბინას, ცხინვალის ცენტრში; და (ii) რუსეთის სამშვიდობო ძალების ბატალიონის (RUPKFB) შტაბ ბინას ვერხნი გოროდოკში, ცხინვალის სამხრეთ-დასავლურ მხარეს. სადავოა, თუ მაგ დროს რუსეთის სამშვიდობოები კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობას იღებდნენ, და ისიც, თუ სამშვიდობოებზე თავდასხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ინიციატივით დაიყო, ან განხორციელდა სამშვიდობოების მიერ ცეცხლის გახსნაზე რეაქციის სახით. არსებობს ინფორმაცია, რომ 2008 წლის 8-10 აგვისტომდე საქართველოს შეიარაღებული დანაყოფები აგრეთვე თავს დაესხნენ გაერთიანებული სამშვიდობო ძალების, რუსული სამშვიდობო ბატალიონის დაკვირვების საგუშაგოებს სოფელ ერედვში, ვანათში, კეხვში, პაუკში, ფრისში, ვანევში, წუნარცბაში, კვერნეთში, ანძისში, არწევში და მეღვრეკისში.

13. შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეხვდათ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების და რუსეთის შეიარაღებული ძალების სერიოზული წინააღმდეგობა. არსებული ინფორმაციით, 2008 წლის 8 აგვისტოს დილის საათებში, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩაატარეს საჰაერო იერიშები ობიექტებზე საქართველოს ტერიტორიაზე, ვარიანის და გორის ჩათვლით, და თანდათანობით იერიშები გადაიტანეს საქართველოს სხვა რეგიონებზეც, თბილისის ჩათვლით. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები.

14. 2008 წლის 8 აგვისტოს საღამოს საათებში, წინააღმდეგობის პირობებში, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს ქალაქ ცხინვალის ცენტრალური ნაწილი. 2008 წლის 10 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ გააკეთა განცხადება ერთმხრივი ცეცხლის შეწყვეტის და სამხრეთ ოსეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ; რის შემდეგ, შუაღამემდე, ქართული ჯარისკაცების უმეტესობამ დატოვა სამხრეთ ოსეთის ტერიტორია გორის მომართულებით. 2008 წლის 11 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს გორიდან მცხეთაში, დედაქალაქი თბილისის თავდაცვითი ხაზის მომზადების განზრახვით.

15. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უკან დევნიდნენ რუსეთის და სამხრეთ-ოსეთის ფორმირებები, რომლებმაც 2008 წლის 12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადმოკვეთეს და დააკავეს მოსაზღვრე ტერიტორიები, ქალაქ გორის ჩათვლით. გორში, და სხვა რამდენიმე საქართველოს ადმინისტრირებულ ქალაქში მათ მოაწყეს სამხედრო პოზიციები.

16. გავრცელებული ინფომრაციით, 2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტის, და ევროკავშირის სახელით გამოსული, საფრანგეთის პრეზიდენტის მოლაპარაკებების დროს მიღწეული ექვს პუნქტიანი მშვიდობიანი გეგმის შესაბამისად, შეწყვეტილი იყო საომარი მოქმედებები საქართველოს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის. 2008 წლის 15 და 16 აგვისტოს, საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის მიერ, 2008 წლის 12 აგვისტოს მშვიდობიანი გეგმის სახალხოდ აღიარების მიუხედავად, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ რამდენიმე ხნის მანძილზე გააგრძელეს წინ წაწევა და დააკავეს, მანამდე საქართველოს მართვის და კონტროლის ქვეშ მყოფი დამატებითი ტერიტორიები, ახალგორის/ლენინგორის ჩათვლით, რომელიც მათ დაიკავეს 2008 წლის 16 აგვისტოს.

17. 2008 წლის 15 აგვისტოდან რუსეთის ფორმირებებმა დატოვეს უდავო ქართული ტერიტორია, მაგრამ საქართველოს ადმინისტრაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მათ შექმნეს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარზე მიბმული, 20-კილომეტრიანი “ბუფერული ზონა”. 2008 წლის 22 აგვისტომდე რუსული სამხედროების უმეტესმა წილმა დატოვა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გაღმა პოზიციები, მაგრამ რამდენიმე ქვედანაყოფი დარჩა “ბუფერულ ზონაში” 2008 წლის სექტემბრის დასაწყისამდე.

18. 2008 წლის 8 სექტემბერს მოსკოვში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2008 წლის 8-9 ოქტომბერს დატოვეს “ბუფერული ზონის” მეტი წილი. 2008 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პოლიცია დაბრუნდა “ბუფერულ ზონაში”.

19. იმავე პერიოდის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ძალები, არარეგულარული შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ერთად, ახორციელებდნენ თავდასხმებს სამხრეთ ოსეთში განლაგებული საქართველოს-მართული სოფლების და “ბუფერულ ზონაში” განლაგებული ქართული სოფლების მშვიდობიან მოსახლეობაზე. თავდასხმები დაიწყო რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შემდეგ, გაგრძელდა მათი საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, და გრძელდებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში 2008 წლის 12 აგვისტოს აქტიური საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.

20. თავდასხმების ძირითად სამიზნეს   წარმოადგენდნენ   ეთნიკური   ქართველები. სისტემატიურად ადგილი   ჰქონდა   განზრახ-სიცოცხლის   წართმევას, ცემას,   დაშინებას, დაპატიმრებას, სახლების ძარცვას/მაროდიორობას და დაწვას. თავდასხმების ორგანიზების დონის მაჩვენებელია ეს ფაქტები, რომ სისტემატიურად ნადგურდებოდა ქართველების კუთვნილი სახლები, მაროდიორები გაძარცვული საკუთრების გამოტანისთვის იყენებდნენ სატვირთო მანქანებს, და დამრღვევები სპეციფიკური დანაშაულის ობიექტების იდენტიფიცირებისთვის იყენებდნენ ადგილობრივ ინფორმატორებს. ცეცხლის წაკიდების წინ სახლებიდან და ფერმებიდან დამრღვევებს გამოჰქონდათ ფასიანი ნივთები.

21. არსებული ინფორმაციით, მოცემული აქციების მიზანი იყო ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან იძულებითი გადაადგილება, ტერიტორიის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შეცვლის, საქართველოსთან დარჩენილი კავშირების შეწყვეტის, და საქართველოსგან დამოუკიდებლობის დამაგრების მიზნით. ცნობილია, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო (de facto, Lat.) ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარეს გაძევების პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტი, უშუალოდ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლების განზრახული განადგურება, ეთნიკური ქართული მოსახლეობის დაბრუნებაში ხელის შეშლის მიზნით. დამატებითი მასალების შესაბამისად, გაძევების პოლიტიკის პრინციპები წარმოიშვა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, და გადაცემული იყო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში. არსებული ინფორმაციით, არარეგულარული შეიარაღებული დაჯგუფებები ზოგადი მნიშვნელობით შედიოდნენ სამხრეთ ოსეთის სამხედრო სამმართველო სტრუქტურაში.

22. მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შედეგი გახდა 51-დან 113-მდე ეთნიკური ქართველის განზრახ-მკვლელობა და სამხრეთ ოსეთის სოფლებიდან და ქალაქებიდან, და აგრეთვე “ბუფერული ზონიდან” 13400-დან 18500-მდე ეთნიკურად ქართველი მოსახლის იძულებითი გადაადგილება. არსებული ინფომრაციით, ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან გაძევების მიზნით, შიშის და ტერორის ატმოსფეროს შექმნისათვის, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს შემდეგი ძალადობის აქტები: სიცოცხლის წართმევა, სასტიკი ცემა, სიტყვიერი შეურაცყოფა, დაშინება და დამუქრება, დაპატიმრება, ძარცვა/მაროდიორობა და საკუთრების განადგურება.

23. არსებობს განსხვავებული ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალებისა, ან რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულებაზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრების, ან სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებისადმი. არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრი იღებდა ამ აქციებში აქტიურ მონაწილეობას, და ამავე დროს, სხვები პასიურები დარჩნენ. მაგალითად, როდესაც იყო დასმული შეკითხვა, თუ რატომ არ ებრძოდნენ ხანძრებს რუსეთის შეარაღებული ძალები, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა რუსეთის არმიის ოფიცერმა განაცხადა, რომ ეს იყო შეთანხმებული ტაქტიკა. მაგრამ ამასთან ერთად, პალატა შენიშნავს რამდენიმე შემთხვევას, როდესაც, არსებული ინფომრაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრებმა მიიღეს ზომები მშვიდობიანი მსხვერპლების დაცვის და დახმარების მიზნით.

პალატის დასკვნები

24. ამ ეტაპზე პალატა წარმოადგენს თავის დასკვნებს იმის შესახებ, თუ პროკურორის წარმოდგენილი ფაქტების და შუამდგომლობასთან ერთად შეტანილი დამატებითი მასალების საფუძველზე, არსებობს მართებული საფუძველი რათა ჩაითვალოს, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულს, რომელიც ექვემდებარება სასამართლოს იურისდიქციას.

25. […] წესდების მე-15 მუხლის ფარგლებში […] კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი არ არის, რომ პროკურორის მიერ მოწოდებული მასალებიდან გამომდინარეობდეს “მხოლოდ ერთი დასკვნა ყოველგვარი ვარაუდის გარეშე”, და აგრეთვე არ არის აუცილებელი, რომ ეს მასალა იყოს ამომწურავი. აუცილებელია მხოლოდ, რომ არსებობდეს “მისაღები და ლოგიკური მიზეზი იმ ვარაუდისთვის, რომ სასამართლოს იურისდიქციის დაქვემდებარებაში შემავალ დანაშაულებებს ‘ამჟამად ადგილი აქვთ, ან ჰქონდათ’”. […]

26. ამ ეტაპზე პალატა თვლის რომ საქმეში არსებული ინფომრაცია აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რათა კვალიფიცირებული იყოს შესაძლო ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები და დანაშაულებებს კაცობრიობის წინაშე.

27. რაც შეეხება სამხედრო დანაშაულებებს, პალატა თვლის, რომ არსებული ინფორმაცია საკმარისად ადასტურებს, რომ საქართველოს და რუსეთის ფედერაციის შორის, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე, ადგილი ჰქონდა საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს. კონფლიქტის არსებობა საკმაოდ უდავოა საქართველოს და რუსეთის შეიარაღებული ძალების შორის საბრძოლო მოქმედებების პერიოდში 2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე, და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის, განსაკუთრებით “ბუფერული ზონის” ოკუპაციის პერიოდში, რომელიც მინიმალურად გაგრძელდა, 2008 წლის 10 ოქტომბრამდე. ამასთან ერთად, პალატა თვლის, რომ არსებობს საკმარისი ინფორმაცია. რათა ჩაითვვალოს, რომ რუსეთის ფედერაცია ზოგადად აკონტროლებდა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირი ინტერვენციის წინა პერიოდიც შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტად.

28. იმავე დროს, პალატა თვლის, რომ მოცემულ სტადიაზე ამ ბოლო ასპექტს მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც, აგრეთვე პროკურორის სწორი მითითების თანახმად, მოცემული სამხედრო დანაშაულებები არსებობენ როგორც საერთაშორისო, ასევე არა-საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში.

29. ამიტომ, პალატის თვალსაზრისით, პროკურორის მიერ მოწოდებული წინამდებარე ინფორმაცია შეიცავს შემდეგი სამხედრო დანაშაულებების სპეციფიკურ ელემენტებს: სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ეთნიკური ქართველების განზრახ-მკვლელობა, წესდების მუხლი მე-8(2)(a)(i), სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ეთნიკური ქართველების საკუთრების განადგურება, წესდების მუხლი მე-8(2)(b)(xiii), სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ეთნიკური ქართველების საკუთრების ძარცვა/მაროდიორობა, წესდების მუხლი მე-8(2)(b)(xvi), და, წესდების მუხლი მე-8(2)(b)(iii), განზრახ თავდასხმა სამშვიდობო ძალებზე, როგორც სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ქართველ სამშვიდობოებზე, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ რუს სამშვიდობოებზე. აგრეთვე, დანაშაულებებში ჩართული შეიარაღებული ძალების, დროის, ადგილის, და კონტექსტის შესაბამისად, პალატა აღნიშნავს დანაშაულებების კავშირს შეიარაღებულ კონფლიქტთან, რაც აუცილებელია დანაშაულებების კვალიფიცირებისთვის. რაც შეეხება სამშვიდობო ძალებზე განზრახ-თავდასხმის დანაშაულს, პალატა აღნიშნავს რამდენიმე გაურკვეველი საკითხის არსებობას, როგორც საკითხი რუსეთის და საქართველოს სამშვიდობო ძალების, როგორც 1992 წლის სოჩის შეთანხმების შესაბამისად. განთავსებული სამშვიდობო კონტინგენტის (JPKF), დაცული სტატუსის შესახებ. აგრეთვე არსებობს, შეიარაღებულ კონფლიქტში პირდაპირი ჩარევის შემდეგ, ყოველგვარი დაცული სტატუსის შესაძლო დაკარგვის საკითხი. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით პალატა ეთანხმება პროკურორს, და თვლის, რომ ეს გაურკვეველი საკითხები არ უნდა წარმოადგენდეს დამაბრკოლებელ ფაქტორს გამოძიებისთვის დაწყებისთვის, და უნდა იყოს გადაწყვეტილი გამოძიების ფარგლებში.

30. რაც შეეხება დანაშაულებებს კაცობრიობის წინაშე, პალატა თვლის, რომ სამხრეთ ოსეთის ძალების ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩატარებული, ზემოთხსენებული ძალადობის კამპანია (იხილეთ ზემოთ, პარ. 19-22), წესდების მე-7(2)(a) მუხლის შესაბამისად წარმოადგენს თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე.

31. გარდა ამისა, პალატა თვლის, რომ შესრულებულია შემდეგი დანაშაულებების კაცობრიობის წინაშე სპეციფიკური კრიტერიუმები: მკვლელობა, მოსახლეობის დეპორტაცია და იძულებითი გადაადგილება, და დევნა, მუხლი მე-7(1)-ს (a), (d) და (h) პუნქტების ქვეშ, და რომ ეს დანაშაულებები წარმოადგენდნენ მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის ნაწილს.

32. საერთო ჯამში, პალატა თვლის რომ არსებობს მართებული საფუძველი, რათა ჩაითვალოს, რომ ნამდვილად ადგილი ჰქონდა სასამართლოს იურისდიქციაში არსებულ დანაშაულებებს.

[…]

34. პალატა აღნიშნავს, რომ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ საქართვლოს და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნამდვილად განახორციელეს განურჩევადი და არაპროპორციული თავდასხმები მშვიდობიან სამოქალაქო ობიექტებზე, პროკურორი, დადებითი პასუხის დამჭერი ინფომრაციის არსებობის მიუხედავად, აცხადებს, რომ “იმის გამო რომ სათანადო გამოძიების ჩატარების გარეშე შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი ფაქტების დადგენა წარმოადგენს სირთულეს, ამჟამად ხელმისაწვდომი შეზღუდული ინფომრაციის საფუძველზე, პროკურორმა ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ მიაღწია სათანადო სტანდარტის დასკვნას […]”. […] აგრეთვე, პროკურორმა განაცხადა, რომ მან “შეაგროვა ინფომრაცია სექსუალური ან სქესობრივი ძალადობის შესახებ, გაუპატიურების ჩათვლით, თუმცა ამ სტადიაზე არ არსებობს ნათელი ინფორმაცია სავარაუდო დამრღვევების შესახებ, ან ამ დანაშაულებების შეიარაღებულ, ან ზოგად კონფლიქტთან კავშირის შესახებ”.

35. პროკურორის მიერ მითითებული დამატებითი ინფორმაციის განხილვის შემდეგ პალატამ ჩათვალა, რომ პროკურორმა თავი მეტისმეტად შეიკავა, და მასალები განიხილა ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, რომლების შესრულება შეუძლებელია სათანადო გამოძიების ჩატარების გარეშე, როდესაც, შუამდგომლობაში პროკურორი ზუსტად ასეთი გამოძიების დაწყების უფლებამოსილების ითხოვს. მაგრამ, იმის მიხედვით, რომ მოცემული გადაწყვეტილებით პროკურორს მიეცა გამოძიების დაწყების უფლებამოსილება, და ამით, როგორც პროკურორი სწორედ აღნიშნავს, შესაძლებელი გახდა განურჩევადი და არაპროპორციული თავდასხმების და სქესობრივი ძალადობის დანაშაულებების გამოძიება, პალატამ საჭიროდ არ ჩათვალა პროკურორის, წესდების 53(1) მუხლის შესაბამისი ანალიზის და დასკვნების რექტიფიკაცია. […]

II. სიტუაციიდან გამომდინარე პოტენციური საქმეების დაშვებადობის საკითხი, წესდების მე-17 მუხლის შესაბამისად

36. წესდების 53(1)(b) მუხლის შესაბამისად, გამოძიების დაწყების მეორე წინაპირობას წარმოადგენს “დასაშვებია, თუ არა საქმე მე-17 მუხლის თანახმად”. გამოძიების დაწყების უფლებამოსილების საკითხის განხილვის ფაზაში კონკრეტული საქმის დაშვებადობის შეფასება შეუძლებელია, რადგანაც გამოძიების დაწყებამდე შეუძლებელია საქმის ზუსტი პარამეტრების – საქმის ფაქტების და სისხლის სამართლებრივი დევნისთვის იდენტიფიცირებული ეჭვმიტანილების, ზუსტი დადგენა. ამიტომ, პრეცედენტის შესაბამისად, მოცემულ სტადიაზე დაშვებადობის დადგენა უნდა განხორციელდეს “პოტენციური საქმეების” მიმართებაში, რომლების წარდგენა პროკურორს შეუძლია ამ სტადიაზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, და მის მიერ შემოტანილი მასალების კონტექსტში. უშუალოდ, მოცემული ანალიზისთვის პალატა იყენებს “სასამართლოს იურისდიქციას დაქვემდებარებული, სიტუაციის ფარგლებში, ყველაზე სერიოზული ინციდენტების დროს, შესაძლო ჩადენილი დანაშაულებების ჩვენებად სიას” და “ყველაზე სერიოზულ დანაშაულებებზე სავარაუდოდ პასუხისმგებელი პირების ან პირთა ჯგუფების სიას, მათი კონკრეტული როლის აღწერით”.

37. ამასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ სიტუაციის კონტექსტში “პოტენციური საქმის” განმსაზღვრელ კრიტერიუმებს სხვათა შორის წარმოადგენენ: (i) სასამართლოს მომავალი საქმეების გაფორმებისთვის აუცილებელი გამოძიების სავარაუდო ფიგურანტები: გარკვეული პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი; და (ii) სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში მყოფი დანაშაულებები, ჩადენილი ერთ-ერთი ესეთი ინციდენტის განმავლობაში, რომელიც სავარაუდოდ გამოიწვევს მომავალი    საქმეების    გაფორმებას.    მაგრამ, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ პროკურორის მომავალი საქმეების გაფორმებისთვის აუცილებელი პიროვნებების, ან დამრღვევთა ჯგუფის და ინციდენტების შერჩევას ამ ეტაპზე აქვს წინასწარი ხასიათი, და ამიტომ შესაძლოა, რომ გამოძიების განმავლობაში ეს პარამეტრები შეიცვალოს.

38. მომდევნო პარაგრაფებში პალატა თანმიმდევრულად განიხილავს მე-17 მუხლის სასამართლოში საქმეების დაშვებადობის ორ წინაპირობას: კომპლემენტარულობას და სიმძიმეს.

კომპლემენტარულობა

39. პალატა თვლის, რომ ამ ეტაპზე კომპლემენტარულობის საკითხის განხილვას ესაჭიროება იმის განხილვა თუ, პროცესი პოტენციური საქმის ფიგურანტის ან ფიგურანტების, და არსებული ინფორმაციით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ, ამჟამად წარმოებაშია ან არის წარმოებული რომელიმე სახელმწიფოში. წესდების 53(1)(b) მუხლის წინაპირობა ითვლება შესრულებულად, თუ პოტენციური საქმეების (ნაწილი) ეროვნული ინსტიტუციების მიერ განხილული/გამოძიებული არ არის.

40. შუამდგომლობაში პროკურორმა პალატას წაუდგინა ინფორმაცია საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ეროვნულ ინსტიტუციებში სისხლის სამართლებრივი დევნის სტატუის შესახებ, და აღნიშნა, რომ შესაბამისი დანაშაულებების გამოძიებას ამჟამად არ ახორციელებს არც ერთი სხვა სახელმწიფო. პალატა ეთანხმება პროკურორის დასკვნას იმის შესახებ, რომ ნებისმიერი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო (de facto. Lat.) ხელისუფლების მიერ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა, არ დააკმაყოფილებს წესდების მე- 17 მუხლის წინაპირობებს, ვინაიდან სამხრეთ ოსეთი არ არის აღიარებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

41. რაც შეეხება საქართველოს, პროკურორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, 2008 წლის აგვისტოს – 2014 წლის ნოემბრის პერიოდში, 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებით, ჩაატარა გარკვეული საგამომძიებლო მოქმედებები […], მაგრამ, სისხლისსამართლებრივი პროცედურები დასრულებული არ იყო. 2015 წლის 17 მარტის წერილით საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა პროკურორს, რომ „მოცემული შუამდგომლობის საფუძველში არსებული შესაძლო ჩადენილი დანაშაულებების ეროვნულ სისხლისსამართლებრივ გამოძიებას/დევნას ხელს უშლის „ოკუპირებულ”, და მოსაზღვრე ტერიტორიებზე არსებული სახიფათო მდგომარეობა, რადგანაც ამ ტერიტორიებზე ამ დრომდე გავრცელებულია ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”. პალატის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში, ეს წერილი მარეგულირებელია: ამჟამად ადგილი აქვს საქართველოს კომპეტენტური ინსტიტუციების უმოქმედობას, და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ყველა პოტენციური საქმე დასაშვებია.

42. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის ეროვნულ პროცედურებს, შუამდგომლობაში პროკურორი წარმოგვიდგენს (i) ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან და “ბუფერული ზონიდან” გაძევების მიზნით ჩატარებული იძულებითი გადაადგილების კამპანიის და (ii) რუსეთის სამშვიდობო ძალებზე თავდასხმის დანაშაულებებთან დაკავშირებული პოტენციური საქმეების ანალიზს.

43. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთიდან და “ბუფერული ზონიდან” ეთნიკური ქართველების იძულებით გაძევების კამპანიას, პროკურორმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც დაფუძნებულია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, 2011 წლის 3 თებერვლის, და 2014 წლის 23-24 იანვრის შეხვედრების შედეგებზე, და მათთან მიმოწერაზე. მოყვანილი ინფორმაციის თანახმად, 2010 წლიდან 2014 წლამდე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, რუსეთის საგამომძიებლო კომიტეტმა განიხილა 575 ქართველი დაზარალებულის, რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ შეტანილი განცხადება. განცხადებების საგანი იყო მკვლელობები, ან მკვლელობის მცდელობები, საკუთრების განადგურება და ძარცვა/მაროდიორობა.

44. პროკურორთან 2012 წლის 18 ივნისის წერილში რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ განცხადებების გადამოწმების და “დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების” მიზნით რუსულმა მხარემ ქართულ მხარეს რამდენიმეჯერ უშედეგოდ მიმართა სამართლებრივი დახმარების გაწევის შუამდგომლობით. ამის მიუხედავად, ჩატარდა 2000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის დაკითხვა მოწმის სახით, და გამოძიების განმავლობაში მიღებული იყო საბუთები 50-ზე მეტი სამხედრო ნაწილიდან. 2012 წლის 18 ივნისის წერილი შეიცავს დასკვნას, რომ “გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, შეიარაღებული ძალების სარდლობამ […] მიიღო ამომწურავი ზომები ძარცვის/მაროდიორობის, ძალადობის, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩევლადი ძალის გამოყენების პრევენციისთვის [და რომ] გამოძიებამ ვერ დაადგინა, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დანაშაულებების ჩადენაში, რუსი ჯარისკაცების მონაწილეობის ფაქტები”.

45. ამ კონტექსტში პროკურორი აღნიშნავს, რომ “პროკურორის მიერ სანდოდ შეფასებული ინფორმაცია ნაწილობრივ ადასტურებს მოცემულ დასკვნას, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ზომები დანაშაულებების პრევენციის და დასჯისთვის, მაგრამ ამავე დროს სხვა სანდო ინფომრაცია გვატყობინებს, რომ რუსული ჯარისკაცები მონაწილეობას იღებდნენ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებებში, ან პასიურად ესწრებოდნენ ამ დანაშაულებების ჩადენას” […]. სრული ინფომრაციის გათვალისწინებით, პროკურორი დაასკვნის, რომ “ფაქტების დადგენის რამდენიმე შეტყობინებული მცდელობის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციას არ მიუღია კონკრეტული და თანამიმდევრული ზომები, შუამდგომლობაში იდენტიფიცირებული პოტენციური საქმეების ფარგლებში შესაძლო ჩადენილ დანაშაულებებში ჩარეული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენისათვის” […].

46. ხელმისაწვდომი ინფომრაციის განხილვის შემდეგ, პალატამ ვერ დაასკვნა, რომ რუსეთის ეროვნული სისხლისსამართლებრივი პროცედურები არ აკმაყოფილებენ წესდების მე-17(1)(b) მუხლის წინაპირობებს. იმის მიუხედავად, რომ პალატა ამომწურავად არ თვლის პროკურორის დასკვნას იმის შესახებ, რომ მას გააჩნია რუსეთის სასამართლო ორგანოების დასკვნის უარმყოფი მტკიცებულებები, წესდების მე-17(1)(b) მუხლის ანალიზის ჩატარების ფარგლებში, პალატას გააჩნია დაფუძნებული ვარაუდი იმაში, რომ გარემოებები, რომლების გამო რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ მიიღეს გადამწყვეტი ინფორმაცია, ანუ ვერ დაკითხეს ქართველი მოწმეები, წარმოადგენენ წესდების მე-17 მუხლში განსაზღვრულ უუნარობის სიტუაციას. ნებისმიერ შემთხვევაში, პალატა თვლის უადგილოდ ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მცდელობას მოცემულ განხილვის კონტექსტში, ვინაიდან სიტუაციის ფარგლებში აგრეთვე არსებობენ სხვა პოტენციურად დასაშვები საქმეები. მოცემული ეროვნული სისხლისსამართლებრივი პროცედურები ეხებოდნენ სიტუაციიდან გამომდინარე პოტენციური საქმეების მხოლოდ ერთ ნაწილს, უშუალოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრების მონაწილეობას სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ განხორციელებულ იძულებით გაძევების კამპანიაში. აქედან გამომდინარე, პროკურორისთვის გამოძიების დაწყების უფლებამოსილების გაცემა გამართლებულია, რადგანაც პროკურორის გამოძიების ფარგლებში თავისთავად იქნება განხილული დაშვებადობის საკითხიც. წინამდებარე საკითხი-კი, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შესაბამისად იყოს გადაწყვეტილი მომდევნო სტადიაზე.

47. რაც შეეხება რუსეთის უფლებამოსილი ორგანოების, რუსულ სამშვიდობო ძალებზე თავდასხმის საქმის გამოძიებას, არსებული ინფომრაციის თანახმად, შესაბამისი გამოძიება დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს და გამოძიების თემა იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გაერთიანებულ სამშვიდობო ძალებში შემავალი, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მკვლელობა.

48. სისხლის სამართლის გამოძიებამ აგრეთვე დაადგინა, რომ უცნობმა ქართველმა ჯარისკაცებმა განახორციელეს თავდასხმები “საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე და ორგანიზაციებზე, უშუალოდ, ცხინვალში განლაგებულ, გაერთიანებული სამშვიდობო ძალების, რუსული სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებზე”. ხელმისაწვდომი მასალების თანახმად, მტკიცებულების სახით იყო შეგროვილი 3000-ზე მეტი საგანი და საბუთი, და აგრეთვე ჩატარდა 1000-ზე მეტი შემთხვევის ადგილის, სხვათა შორის, “სამშვიდობო ძალების ბატალიონის პოზიციების ცხინვალში, და სამხრეთ ოსეთის სხვა დასახლებულ პუნქტებში” გამოძიება.

49. ბოლო დროს რუსეთმა გააგრძელა საგამომძიებლო ღონისძიებების ჩატარება. უშუალოდ, არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტი ამჟამად ატარებს სასამართლო ექსპერტიზას და განმეორებით ატარებს სამშვიდობოებზე თავდასხმის მოწმეების და მსხვერპლების დაკითხვას. პროკურორის თანახმად, მოცემული ღონისძიებების ჩატარებამ გამოიწვია ეროვნული გამოძიების გაგრძელება 2016 წლის 8 თებერვლამდე.

50. ზემდგომის მიხედვით, პალატა ეთანხმება პროკურორის დასკვნას, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული და მიმდინარე საგამომძიებლო ღონისძიებები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს გააჩნია გამოძიების ჩატარების როგორც სურვილი ასევე უნარი. აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის პოტენციური საქმე დასაშვები არ იყოს, და პალატა ეთანხმება პროკურორის განცხადებას იმის შესახებ, რომ “პროკურორი ხელახლად გაანალიზებს ამ დასკვნას, ნებადართული გამოძიების კონტექსტში” […].

სიმძიმე

51. დაშვებადობის საკითხის განხილვის მეორე ნაწილი პალატისგან მოითხოვს იმის შეფასებას, იქნება თუ არა მოთხოვნილი გამოძიებიდან გამომდინარე პოტენციური დანაშაულებების სიმძიმე “საკმარისი იმისთვის რომ გაამართლოს სასამართლოს მიერ მომდევნო ზომების მიღება”. პალატა ადგენს, რომ: (i) დანაშაულის სიმძიმის შეფასება ითხოვს ზოგად ანალიზს იმისა (ზოგადი ხასიათის წინა საგამომძიებლო ანალიზი), შედიან თუ არა შესაძლო დანაშაულებების ჩადენაში, სავარაუდოდ ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირები, ან პირთა ჯგუფები იმ პიროვნებათა პოპულაციაში, რომელზეც სავარაუდოდ იქნება გამახვილებული მოცემული გამოძიების ყურადღება; და (ii) დანაშაულის სიმძიმე გაანალიზებული უნდა იყოს როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი თვალსაზრისით, და მოცემულ საქმეში, ესეთი ფაქტორები, როგორიცაა შესაძლო დანაშაულის ხასიათი, მასშტაბი და ჩადენის ხერხი, და აგრეთვე დანაშაულებების ზეგავლენა დაზარალებულებზე, წარმოადგენენ დანაშაულის სიმძიმის ინდიკატორებს.

52. პროკურორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე […] ცხადია, რომ გამოძიება სავარაუდოდ შეეხება დანაშაულებებზე ყველაზე მეტად პასუხისმგებელს პირებს.

53. რაც შეეხება დანაშაულებების ხასიათს, პალატა მიუთითებს, რომ ზემდგომი ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ პოტენციური საქმეების ფარგლებში შესაძლოა განხილული იყოს სამხედრო დანაშაულებებისა, და კაცობრიობის წინაშე დანაშაულებების მთელი რიგი.

54. პალატა აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების  მიერ  ეთნიკური ქართველების  წინაშე  ჩადენილი  დანაშაულებებების  (გაერთიანებულია  ერთ  პოტენციურ საქმეში) შედეგი გახდა 51-113 მკვლელობა, 5000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის განადგურება და 13400 – 18500 ადამიანის იძულებითი გადაადგილება, რამაც, პროკურორის შეფასებით, გამოიწვია სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართული მოსახლეობის 75 პროცენტიანი დაკლება. ამ ინფორმაციიდან გამომდინარეობს, რომ მოცემული დანაშაულებების მასშტაბი და ზეგავლენა მძიმეა და მნიშვნელოვანია. პალატა აგრეთვე აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის გაძევების მიზნით გამოყენებული იყო სასტიკი მეთოდები […].

55. რაც შეეხება სამშვიდობო ძალებზე თავდასხმების დანაშაულებებს, პალატა აღნიშნავს რომ დანაშაულებების შედეგი, უშუალო მსხვერპლების და მატერიალური ზარალის გარდა, აგრეთვე შეიცავს სამშვიდობო მისიის შესრულების უნარის დაზიანებას.

56. ზემდგომი ფაქტების გათვალიწინების შემდეგ, პალატამ ჩათვალა, რომ პოტენციური საქმეების სიმძიმე ამართლებს სასამართლოს მხრიდან მომდევნო ზომების მიღებას.

57.საერთო ჯამში, პალატამ დაასკვნა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე პოტენციური საქმეები მეტწილად დასაშვებია წარმოებაში.

III. არსებობს თუ არა არსებითი საფუძველი იმ ვარაუდისათვის, რომ ყველაფრის მიუხედავად, გამოძიება არ მოემსახურება მართალმსაჯულების მიზნებს

58. ბოლოს პალატამ, წესდების 53(1)(c) მუხლის შესაბამისად, უნდა განიხილოს “დანაშაულის სიმძიმის და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, არის თუ არა, ამისდა მიუხედავად, არსებითი საფუძველი, იმ ვარაუდისთვის, რომ გამოძიება არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზნებს”. ქვეპარაგრაფები (a) და (b)-საგან განსხვავებით, რომლებიც დადებით დასკვნას ითხოვენ, ქვეპარაგრაფ (c)-ში პროკურორისგან არ მოითხოვება იმის დამტკიცება, რომ გამოძიების დაწყება ემსახურება მართალმსაჯულების მიზნებს. რადგანაც პროკურორმა არ დაადგინა, რომ საქართველოს სიტუაციის გამოძიების დაწყება “მართალმსაჯულების ინტერესებს სავარაუდოდ არ მოემსახურება”, და აგრეთვე, წესდების მე-15(3) მუხლის შესაბამისად, მიღებილი დაზარალებულების საწარმომადგენლო ფორმების შინაარსის მიხედვით (რომლებში დაზარალებულები გადამეტებულად ითხოვენ გამოძიების დაწყებას), პალატა თვლის, რომ ნამდვილად არ არსებობს არსებითი საფუძველი იმ ვარაუდისთვის, რომ გამოძიება არ მოემსახურება მართალმსაჯულების მიზნებს.

IV. დასკვნა

59.ვინაიდან შესრულებულია წესდების 53(1) მუხლის ყველა წინაპირობა, პალატა თვლის, რომ არსებობს მართებული საფუძველი გამოძიების დაწყებისათვის, და ამიტომ პროკურორს უნდა მიეცეს გამოძიების დაწყების უფლებამოსილება.

60. ამ ეტაპზე პალატა საჭიროდ თვლის სანქციონირებული გამოძიების ფარგლების ახსნა-განმარტებას,   განსაკუთრებით,   შუამდგომლობაში   მოყვანილი   გარკვეული   არგუმენტების მიხედვით.

61. შუამდგომლობაში პროკურორი ითხოვს “2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე, საქართველოს სიტუაციაში, სამხრეთ ოსეთში და მიდამოებში, ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების, და დანაშაულებების კაცობრიობის წინაშე, გამოძიების უფლებამოსილებას.” […]

62. ამავე დროს, შუამდგომლობის სხვადასხვა პუნქტებში პროკურორი პალატისგან ითხოვს “გამოძიების საგნის შეცვლის ან გაფართოვების ნებართვას, მოცემული, ან სხვა შესაძლო დანაშაულებების, ინციდენტების და ადამიანთა ჯგუფების პარამეტრებით, ან/და ნებართვას, შეცვალოს საქმეების სამართლებრივი კვალიფიკაცია, თუ მის განხილვაზე წარდგენილ საქმეებს საკმარისი კავშირი ექნებათ იმ სიტუაციასთან, რომელზეც გაიცა უფლებამოსილება” […].

[…]

64. აქედან გამომდინარეობს, რომ წინასასამართლო პალატის მიერ გაცემული გამოძიების დაწყების უფლებამოსილება ვრცელდება სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ ყველა დანაშაულზე. მოცემული უფლებამოსილება შეზღუდულია მხოლოდ სიტუაციის პარამეტრებით, ამ შემთხვევაში: სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მიდამოებში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე კონფლიქტის ფარგლებში მომხდარი ინციდენტებით. სხვა სიტყვებით, ის შემთხვევა, რომელიც არ მოხდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ან მიდამოებში, ან რომელსაც ადგილი არ ჰქონდა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, არ დააკმაყოფილებს არსებული სიტუაციის პარამეტრებს, თუ არ იქნება ცხადად დაკავშირებული მოცემულ სიტუაციასთან, და ამ მიზეზიდან გამომდინარე არ შევა სასამართლოს იურისდიქციაში.

[…]

მოცემული მიზეზების გამო, პალატა

აღჭურვავს პროკურორს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი, საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მიდამოებში, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ჩადენილი,

დანაშაულებების გამოძიების დაწყების უფლებამოსილებით;

[…]


დისკუსია


1.

a. როგორ დააკვალიფიცირებდით სიტუაციას? სახეზეა თუ არა შეიარაღებული კონფლიქტი? შეიარაღებული კონფლიქტები? აკვალიფიცირებს თუ არა კონფლიქტს პროკურორი თავის შუამდგომლობაში? წინასასამართლო პალატა? რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს შეიარაღებული კონფლიქტის არსებობას მოცემულ კონტექსტში? აუცილებელი წინაპირობაა თუ არა შეიარაღებული კონფლიქტის არსებობა სამხედრო დანაშაულის არსებობისთვის? ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის?

b. რა კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის არსებობისთვის? საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტის არსებობისთვის?

c. მიგაჩნიათ, რომ მოცემულ სიტუაციაში სახეზეა რამდენიმე პარალელური შეიარაღებული კონფლიქტი, რომლებიც დამოუკიდებლად უნდა გაანალიზდეს? ასეთ შემთხვევაში, მიგაჩნიათ, რომ ყოველ კონკრეტულ კონფლიქტთან მიმართებით განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი უნდა გამოიყენებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონფლიქტები თანადროულად ხდება? სამართლის რომელ რეჟიმს იყენებს წინასასამართლო პალატა?

d. ეთანხმებით თუ არა პროკურორისა და წინასასამართლო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ კონტექსტში სამხედრო დანაშაულების არსებობისთვის მნიშვნელობა არ ექნება კონფლიქტის ზუსტ კვალიფიკაციას, ვინაიდან მითითებული ქმედებები წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს როგორც საერთაშორისო, ისე – არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებში? შეიძლება თუ არა იგივე ითქვას ყველა სხვა ქმედებაზეც, რომელიც საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩადენილ სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს?

2.

a. რატომ შეარჩია პროკურორმა, და შემდგომში წინასასამართლო პალატამ 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი? დასრულდა თუ არა შეიარაღებული კონფლიქტი 10 ოქტომბერს? სჰს-ის მოქმედება?

b. რა ფაზებს გამოყოფდით სიტუაციის კლასიფიკაციისას და შეიცვალა თუ არა კონფლიქტ(ებ)ის კვალიფიკაცია სხვადასხვა ეტაპზე? რატომ? რა ფაქტორები განაპირობებს შეიარაღებული კონფლიქტის კვალიფიკაციის შეცვლას?

3. მიიჩნევს თუ არა წინასასამართლო პალატა, რომ ერთის მხრივ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და მეორეს მხრივ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის არსებულ შეიარაღებულ კონფლიქტში რუსეთის ფედერაციის ჩართულობის გამო სახეზე იყო საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი? რომელ ტესტს იყენებს წინასასამართლო პალატა? მისია? მიგაჩნიათ, რომ საკმარისი ელემენტები არსებობს საიმისოდ, რომ მივიჩნიოთ, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ზოგად კონტროლს სამხრეთ ოსეთის ძალებზე? არის თუ არა რუსეთის ფედერაციის ჩართულობა ერთადერთი ასპექტი, რის გამოც ერთის მხრივ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და მეორეს მხრივ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალებს შორის არსებულ შეიარაღებულ კონფლიქტზე გავრცელდეს საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი სჰს?

4. ახსენებს თუ არა პროკურორი და წინასასამართლო პალატა ტერიტორიის შესაძლო ოკუპაციის ფაქტორს? რელევანტურია თუ არა ოკუპაციის არსებობის ფაქტი სჰს-ის მძიმე დარღვევების არსებობისთვის? ომის დანაშაულის არსებობისთვის? ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის არსებობისთვის? როგორ განმარტავდით ოკუპაციას?

5. სჰს-ის რომელი ნორმების დარღვევებია მითითებული წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებაში? განიხილეთ თითოეული მათგანი და სჰს-ის შესაბამისი სტანდარტები.

6. არსებობს თუ არა ზოგადი ვალდებულება სჰს-ში, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ შეიარაღებული კონფლიქტის მხარემ გამოიძიოს სჰს-ის ყველა დარღვევა? სჰს-ის მძიმე დარღვევები? სამხედრო დანაშაულები? ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები?


** აგრეთვე იხილეთ: საქართველო/რუსეთი: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიში